Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმაური იყო ჭორვილაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე


აქცია ჭორვილაში, 4 იანვარი, 2022 წელი
აქცია ჭორვილაში, 4 იანვარი, 2022 წელი

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, მშობლიურ სოფელ ჭორვილაში დღეს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მხარდამჭერი აქციის გამართვას ცდილობდნენ მისი მხარდამჭერები. აქციის მონაწილეებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლთან მობილიზებული სამართალდამცველები და ადგილობრივები დახვდნენ. ადგილობრივები აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ აძლევდნენ აქციის მონაწილეებს ბანერების და დროშების გაშლის საშუალებას და აგინებდნენ.

ჭორვილაში გამართულ აქციაში მონაწილეობდა ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე. როგორც მან და მისმა მხარდამჭერებმა უთხრეს მედიას, "ქართულმა ოცნებამ" მათ "ტიტუშკები" დაახვედრა, თუმცა ამით ვერ შეაშინებს და დღეს ისინი მეორე აქციის გამართვას აპირებენ შეკვეთილში, სადაც ბიძინა ივანიშვილის მეორე რეზიდენცია მდებარეობს.

„გავშალეთ ბანერი „თავისუფლება მიშას“, ეს ვერ აიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა „ტიტუშკებმა“, დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციები. ეს პროვოცირება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იყვნენ შეკრებილები წინასწარ, რომ დაგვხვედროდნენ და ჩაეშალათ ეს აქცია, თუმცა, მათ მივმართავ, რომ ჩვენ ვერ შეგვაჩერებს ასეთი პროვოკაციები, მივალთ ყველგან და ბიძინა ივანიშვილს ვეტყვით, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და ვერ მოგვიკლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს“,- უთხრა მედიას გიორგი მუმლაძემ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები დღეს ორ სხვადასხვა ადგილას დაგეგმილია თბილისშიც - მშვიდობის ხიდთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მართავს აქციას, მთავრობის კანცელარიიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მსვლელობას კი ენმ-ის წევრი და თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი უწევს ორგანიზებას.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სოლიდარობის აქციები რუსი ბლოგერის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, დღეს, 4 დეკემბერს, ასევე გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

XS
SM
MD
LG