Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალტუბოში კატარული ინვესტიციით მოეწყობა სასტუმროები და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - მინისტრი


წყალტუბო, ყოფილი სანატორიუმი "ივერია"
წყალტუბო, ყოფილი სანატორიუმი "ივერია"

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წყალტუბოში სასტუმროებსა და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას კატარული კომპანია „გოლდენ თაუერ ინვესტ გრუპი“ მოაწყობს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, კატარულ საინვესტიციო ჯგუფს გადაეცემა ხუთი ობიექტი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

"ჩვენ გვყავს უკვე უცხოელი ინვესტორი, რომელიც წარმოდგენილია სასტუმრო ბიზნესში და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომ პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ეს იქნება სხვადასხვა დონის, 3, 4, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანწილად იქნება წარმოდგენილი გამაჯანსაღებელი და სპორტული კომპონენტები იმ კვლევისა და შესწავლის შესაბამისად, რაც ჩვენ კომპანია „კოლიერსთან“ ერთად გავაკეთეთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, კატარული საინვესტიციო ჯგუფისთვის მინიმალური საპრივატიზაციო თანხა დაახლოებით 12 მლნ ლარია, 35 მილიონ ლარამდეა საპრივატიზაციო ვალდებულებები.

საინვესტიციო პროექტი "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე 14 სანატორიუმის გამოტანას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG