უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დღეს თეთრმა სახლმა გამოაცხადა უკრაინისათვის მორიგი და შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, $1.85 მილიარდის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც საგრძნობლად გაზრდის რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვით და შეტევით პოტენციალს.
სხვადასხვა დიდი, თუ მცირე კალიბრის იარაღისა და აღჭურვილობის გარდა, ეს პაკეტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აძლევს საშუალებას, რომ სისრულეში მოიყვანოს უკრაინის პრეზიდენტისადმი მისი ადრინდელი დანაპირები და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ უკრაინას გადასცეს თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ი, რომელიც პირველ ადგილზე დგას ამერიკული დახმარების ახალი პაკეტის საკმაოდ გრძელ ჩამონათვალში.
არადა, ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში პენტაგონში უარყოფდნენ უკრაინისათვის Patriot-ის სისტემის გადაცემის შესაძლებლობას.
Patriot-ის ბატარეა - გზა უკრაინამდე
როგორც საიმედო ფარი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი დიდი მოთხოვნით სარგებლობს აშშ-სა და მის მოკავშირეებში, რომლებიც ირანის, იემენისა და ჩრდილოეთ კორეის პოტენციური სარაკეტო იერიშებისაგან სწორედ ამ სისტემებით იცავენ თავს როგორც ევროპაში, ისე ახლო აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანის რეგიონში.
1980-იან წლებში ხმელეთი-ჰაერის კლასის საზენიტო-სარაკეტო სისტემა შეიარაღებულ მოწინააღმდეგის მოახლოებული რაკეტებისგან თავის დასაცავად გამოიყენება. დღევანდელი თანამედროვე სარაკეტო სისტემებს შეუძლიათ 100 კილომეტრის რადიუსში ადევნონ თვალი მოახლოებულ მიზანს და გაანადგურონ იგი გამშვები დანადგარიდან 40 კილომეტრში.
Patriot-ის ბატარეის მართვას ემსახურება 90 სამხედრო სპეციალისტისგან შემდგარი პირადი შემადგენლობა, მაგრამ საჰაერო-საზენიტო სისტემის მომართვის შემდეგ Patriot-ის ფუნქციონირებისათვის სამკაციანი ეკიპაჟიც საკმარისია.
2018 წელს საუდის არაბეთში, ჰუტი მეამბოხეების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის Patriot-ის რაკეტა არ გავარდა, რაც ვიდეოზეც აღბეჭდა. ხოლო Patriot-ის ერთი რაკეტა მიზანს ასცდა და გაშვებიდან რამდენიმე წამში სამოქალაქო ობიექტს დაეცა. 1991 წელს, სპარსეთის ყურის ომის დროს, პროგრამული უზრუნველყოფის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად Patriot-ის ბატარეამ ვერ შეძლო, ერაყის არმიის „სკადის“ ტიპის რაკეტის აღმოჩენა, რომელიც საუდის არაბეთში განლაგებული ამერიკის არმიის პოზიციებისკენ მიფრინავდა. „სკადის“ მოხვედრის შედეგად მაშინ 28 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
სამხედრო მოხელემ, რომელიც სისტემა Patriot-ის მუშაობას იცნობს, გამოცემა Time-ს უთხრა, რომ ერთ ბატარეას შეუძლია მხოლოდ ქალაქის გარეუბნის ან ცალკეული ობიექტის, მაგალითად, სამხედრო ნაწილის დაცვა, მაგრამ არა ისეთი მეგაპოლისის, როგორიც კიევია. იმავე მოხელემ დასძინა, რომ Patriot-ის ერთი ბატარეა ვერ შეცვლის ომის მსვლელობასო.
მეორე ექსპერტმა ტელეკომპანია CNN-თან აღნიშნა, რომ საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ი შესაძლოა შერჩევით იქნეს გამოყენებული ისეთი მძლავრი რუსული შეიარაღების გასანადგურებლად, როგორიც ფრთოსანი რაკეტა „კალიბრია“. ამის შედეგად უფრო მცირე მოიერიშე დრონების გასანადგურებლად გამოთავისუფლდება სხვა, საჰაერო თავდაცვის უფრო ნაკლებ ძვირად ღირებული საშუალება.
ამავე მოსაზრებას იზიარებს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამერიკული Patriot-ი ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს უკრაინის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში.
„თუ ამ პაკეტის წმინდა სამხედრო მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, მაშინ საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ის მოწოდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცვლის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორგანიზების მხრივ არსებულ მიდგომას, რადგან უკრაინას ბოლოსდაბოლოს ეძლევა შესაძლებლობა, რომ შექმნას ეშელონირებული და ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა. პირველ ეშელონში, ცხადია, იქნება სისტემა Patriot-ი და, სავარაუდოდ, ევროპისგან მომავალში მიღებული Patriot-ის მსგავსი საზენიტო-სარაკეტო სისტემა SAMP-T-ი. მომდევნო ეშელონში იქნება საშუალო სიშორის და ბოლოს მცირე სიშორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. ამგვარად უკრაინა შეძლებს იმ დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების უმრავლესობის ჩამოგდებას, რომლებსაც რუსეთი უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის იყენებს”, - ამბობს მიხაილო სამუსი უკრაინის „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი.
აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება, თუმცა მისი გამოყენებისთვის წვრთნას შესაძლო გარკვეული დრო დასჭირდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ Patriot-ის სისტემა ემსახურება თავდაცვით და არა ესკალაციის მიზნებს. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
სისტემა JDAM-ი - და სხვა
აშშ-ისგან უკრაინა მიიღებს ასევე JDAM-ის კომპლექტს. აღნიშნული კომპლექტები გლობალური პოზიციონირების მოწყობილობებისგან შედგება და შეიძლება სხვადასხვა სახის იარაღთან ერთად იქნეს გამოყენებული, მას პენტაგონი "Joint Direct Attack Municition" ან JDAM-ს უწოდებს. ამერიკელმა სამხედროებმა ეს ტექნოლოგია 900 კგ-მდე წონის საავიაციო ბომბების წინააღმდეგ გამოიყენეს.
აღნიშნულ მოწყობილობას GPS-ის სისტემის საფუძველზე, შეუძლია „ჭკვიანურ ბომბებად“ გარდაქმნას თავისუფლად ვარდნადი საავიაციო ბომბები (dumb bombs). JDAM-ი წარმოადგენს ფრთიან კომპლექტს, რომელიც მაგრდება ბომბის წელსა და კუდის ბლოკზე. JDAM-ის კომპლექტშივეა პატარა კომპიუტერი სანავიგაციო მოწყობილობით, რომელიც მართვადი ფრთების საშუალებით, საავიაციო ბომბებს მანევრირების საშუალებას აძლევს.
„გარდა ამისა, აშშ-ის უკრაინას მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვების სისტემა JDAM-ს მიაწვდის. ეს სისტემა ცნობილია იმით, რომ შეუძლია თავისუფლად ვარდნადი ძველი ავიაბომბების გარდაქმნა მაღალი სიზუსტის ბომბებად. კერძოდ ამ სისტემას შეუძლია დაგეგმოს ჩვეულებრივი საავიაციო ბომბის ფრენა და მიზანში მოხვედრა 30 კილომეტრის სიშორეზე. ეს არის უნიკალური მოწყობილობა, რომელსაც ახლა იღებს უკრაინა და უკვე შესაძლებელი იქნება ძველი ბომბების მაღალი სიზუსტის იარაღად გარდაქმნა. ეს ძალიან მაგარია“, - ამბობს სამუსი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ JDAM-ი შესაძლებლობას მისცემს „უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს, რომ მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელოს მის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე“.
ჯერჯერობით უცნობია, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალიდან რომელ სისტემებში იქნება გამოყენებული ეს ნაკრები.
უკრაინის საჰაერო ძალები დიდწილად ეყრდნობა მოძველებულ, საბჭოთა ეპოქის МиГ-ებს. პენტაგონი უკრაინისთვის დასავლური წარმოების ახალი თვითმფრინავების მიწოდების ნაცვლად, ცდილობდა ძველი საბჭოთა ბაზის მოდერნიზებას, ვინაიდან სხვა შემთხვევაში პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის სრულად გადამზადება იქნებოდა საჭირო.
უკრაინას საჰაერო თავდასხმის სისტემების გასაუმჯობესებლად აშშ-მა უკვე გადასცა HARM-ები ივნისიდან უკრაინა მაღალი სიზუსტის HIMARS-ის სისტემებსაც იყენებს.
აშშ-ის დახმარება მხოლოდ ამით არ ამოიწურება. ოთხშაბათს გაცხადებული სამხედრო დახმარების გარდა, აშშ-ის კონგრესი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის დამატებით 45 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას. ამ თანხით, რომელიც მასშტაბური სახელმწიფო საბიუჯეტო კანონპროექტის შემადგენელი ნაწილია, მომავალ წელსაც და, ზოგიერთ შემთხვევაში 2025 წელსაც გაგრძელდება უკრაინისათვის შეუფერხებელი სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელს ვერ შეუშლის ის გარემოება, რომ მომავალ წელს წარმომადგენლობით პალატას უკვე რესპუბლიკელები გააკონტროლებენ.
უფრო დეტალურად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალ პაკეტში შედის:
- საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot -ი და მისი აღჭურვილობა;
- დამატებითი შეიარაღება მაღალი მობილურობის სისტემა HIMARS-ისთვის;
- 155-მილიმეტრიანი მაღალი სიზუსტის 500 ერთეული საარტილერიო ჭურვი;
- 120 მილიმეტრის 10 ერთეული ნაღმსატყორცნი, თავისი 10 000 ჭურვით;
- 60-და 82-მილიმეტრიანი 10 ნაღმსატყორცნი;
- 37 ერთეული ავტომობილი Cougar-ი, ნაღმებისგან დამცავი სისტემით აღჭურვილი;
- 120 შეჯავშნული მულტიფუნქციური ბორბლებიანი მანქანა HMMWV;
- 6 ერთეული შეჯავშნული სატვირთო მანქანა;
- JDAM-ი მაღალი სიზუსტის საავიაციო აღჭურვილობა;
- 2700 ერთეულზე მეტი ყუმბარსატყორცნი და ცეცხლსასროლი იარაღი;
- Claymore-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა;
- ასაფეთქებელი მოწყობილობა; ღამის ხედვის და დამიზნების მოწყობილობა; კავშირგაბმულობის ტაქტიკურად დაცული საშუალებები.
ამ პაკეტით უკრაინას ასევე გადაეცემა საარტილერიო და სატანკო ტყვია-წამალი, "გრადის" ტიპის რაკეტები, გათვალისწინებულია დაფინანსება წვრთნებისთვის და აღჭურვილობის შენარჩუნებისთვისაც.
ეს მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის თავდაცვისუნარიანობას და შეავსებს უკრაინის არმიის არსენალს, რომელიც რუსეთის არმიასთან ინტენსიური ბრძოლების შედეგად გამუდმებით საჭიროებს შევსებას და განახლებას.
„ოკუპანტებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს არტილერიისა და ამუნიციის თვალსაზრისით. მათ იმაზე მეტი რაკეტა და ვერტმფრენი აქვთ, რაც კი ჩვენ ოდესმე გვქონია. ეს სიმართლეა, მაგრამ ჩვენი თავდაცვის ძალები დგანან და ჩვენ მათით ვამაყობთ. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ. გმადლობთ. ჩვენ ის გვაქვს. ეს საკმარისია? გულწრფელად, არა... თუკი თქვენი პატრიოტები (Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა) შეაჩერებენ რუსულ ტერორს ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, ეს ჩვენს უკრაინელ პატრიოტებს მისცემს შესაძლებლობას ბოლომდე დაიცვან ჩვენი დამოუკიდებლობა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 21 დეკემბერს უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად მესამასე დღეს, კონგრესის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.
გამოსვლის ბოლოს ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს გადასცა ბრძოლის ველიდან წამოღებული უკრაინის დროშა, რომელიც, მისი თქმით, მას ბახმუტში მისცეს მებრძოლებმა. ზელენსკი ბახმუტში იმყოფებოდა აშშ-ში გაფრენამდე ერთი დღით ადრე.
2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
უცნობია, თუ როდის განლაგდება სისტემა Patriot-ის ბატარეა უკრაინაში. იმისათვის, რომ ამ თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო შეიარაღების გამოყენება შეძლონ უკრაინელი ოპერატორები გერმანიაში გაივლიან მომზადებას, რაც, როგორც წესი, რამდენიმე თვე გრძელდება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეიარაღებას მიიღებს, კრემლმა განაცხადა, რომ როგორც კი Patriot-ის სისტემა უკრაინაში განლაგდება, იგი რუსეთის „მთავარი“ სამიზნე გახდება.