პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე, მმართველი პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩატარდა. სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი ამ ეტაპზე ვერ შეძლებს სახალხო დამცველის არჩევას.
„ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები [ოპოზიციასთან]. დარწმუნებით შემიძლია, შედეგი გითხრათ, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან [ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა], რომლებიდანაც შევთავაზეთ, რომ ამოერჩიათ ერთი კანდიდატურა, მხარი დაეჭირათ და ამის შემდეგ შესაძლებელი იყო საერთო კანდიდატზე შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას. გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, რომ საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
სახალხო დამცველი სახელობით კენჭისყრაზე 90 ხმით აირჩევა. მმართველ პარტიას ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს და მას კანდიდატის მხარდასაჭერად ოპოზიციასთან შეთანხმება სჭირდება.
ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.