Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნის საფრთხე არსებობს


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

პარლამენტში დასრულდა კონსულტაცია მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმების საკითხზე. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, არსებობს პროცესის ჩავარდნის საფრთხე. დეპუტატმა მიზეზად დაასახელა ის, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები, „ქართული ოცნება" კი მიიჩნევს, რომ კანდიდატები, რომლებსაც ოპოზიცია ემხრობა, პოლიტიკურად მიუკერძოებელი არ არიან.

„გამორიცხვის მეთოდით დატოვებული რვა კანდიდატიდან, რომელიც წინა შემთხვევაში ჩვენ მიერ იყო დასახელებული, ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ რომელიმე მათგანისთვის მაინც დაეჭირათ მხარი. ჩვენი მხრიდან იყო კომპრომისი დაშვებული იმასთან დაკავშირებით, რომ ამოერჩიათ ხუთი კანდიდატიდან [ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა] ერთი, რომელიც მათ ნებავდათ. თუმცა მათი კატეგორიული პოზიცია გახლავთ ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატის [გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე] გარდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ სხვა კანდიდატს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი, ერთ-ერთი მთავარი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვა დანარჩენ არგუმენტებს, არის პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ვიცით, რომ მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ამის შესაძლებლობა არის გამორიცხული, მათ შორის, გარკვეული უხერხული მომენტი არსებობს კოლეგის, იაგო ხვიჩიას მიმართაც, თუმცა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ მოახერხებს მომავალში, არჩევის შემთხვევაში, პოლიტიკურ მიუკერძოებლობას. აქედან გამომდინარე, დარჩა ხუთი კანდიდატი, სადაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მიუკერძოებლობის მეტ-ნაკლები გარანტია. ჩვენ შევთავაზეთ, ამ ხუთიდან ერთ-ერთი ამოერჩიათ, ამაზე ჩვენ დღეს წინა შეხვედრიდან გამომდინარე და პასუხად დადებითი შედეგი ვერ მივიღეთ. ამიტომ გვრჩება იმედი, თეორიულ შანსს ვხედავ მე პირადად, რომ კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, კიდევ ერთხელ წინ დააყენონ ევრორეკომენდაციების შესრულების უპირატესი, საქვეყნო, სახელმწიფოებრივი ინტერესი და იქნებ შეცვლილი პოზიციით დაბრუნდნენ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე [პროცესის] ჩავარდნის. შემდეგ კიდევ გვეყოლება ახალი კანდიდატები მოსაძებნი, ახალი პროცესი და ა.შ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატები ოპოზიციიდან პროცესის ჩავარდნის საფრთხეს რეალურად მიიჩნევენ. „თუ სახელისუფლებო პარტია თავის პოზიციას არ შეცვლის, ასეთი საფრთხე იქნება“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა „ლელოდან" ანა ნაცვლიშვილმა. როგორც მან თქვა, „რამდენიმე დღე რჩება და შესაძლებელია, მმართველმა პარტიამ თავისი პოზიცია ქვეყნის ინტერესს დაუქვემდებაროს“.

ნაცვლიშვილმა დაამატა: „ამ დრომდე ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტირებული დასაბუთება, რატომაა მიუღებელი ეს ორი კანდიდატი, რომელიც მაღალკვალიფიციურია და რომელთაც ძალიან მაღალი შეფასება მისცა თავად „ქართული ოცნების“ შემფასებელმა კომისიამ, სამოქალაქო სექტორმა. გაუგებარია, რატომ არის ეს ხალხი მიუღებელი მაშინ, როდესაც მათ ირგვლივ მაღალი კონსენსუსია ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ექსპერტულ წრეებში და მათ აქვთ ყველა ის მონაცემი, რაც სჭირდება სახალხო დამცველს“.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე შეთანხმება არ არსებობს - საერთო კანდიდატზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ მმართველი გუნდისთვის შეთავაზებული იყო მხოლოდ ორი კანდიდატი - ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე - „ქართულმა ოცნებამ" კი ამ ორი კანდიდატისთვის ხმის მიცემა გამორიცხა და ოპოზიციას არჩევანის გაკეთება სხვა ხუთ კანდიდატს შორის შესთავაზა.

„ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ამ ხუთი კანდიდატიდან არც ერთს ვემხრობით. ჩვენი მხარდაჭერა ჩვენ მიერ წარდგენილ კანდიდატებს ექნებათ.

პროფესიული თვისებებით, პროფესიონალიზმით და სტანდარტებით ბურჯანაძე და აბაშიძე იმ ხუთეულიდან გამოირჩევიან, ვინც „ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა. კომისიამ, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შეიქმნა, მათ უმაღლესი ქულები დაუწერა. "ქართულ ოცნებას" მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტები აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანია ამ ორი ადამიანის მიღწევები და მუშაობა", - თქვა დეკანოიძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პარტია „მოქალაქეებიდან" ლევან იოსელიანი კი აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კენჭისყრაზე იქნება მიღებული.

„დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, ვერ დავინახე პერსპექტივა, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით საქმე შეთანხმებისკენ წავიდა, თუმცა კენჭისყრის მომენტში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაზღვეული არავინაა - შეიძლება ვიღაცის სასარგებლოდ 90 ხმა აღმოჩნდეს!" - თქვა იოსელიანმა.

შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, „მოქალაქეებმა“ ხმა იმ ხუთ კანდიდატს შორის რომელიმეს მისცეს, ვის არჩევასაც ოპოზიციას „ქართული ოცნება“ სთავაზობს და შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ომბუდსმენის პოსტზე სასურველი კანდიდატის გაყვანა შეძლოს, იოსელიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მეშვეობით „ქართული ოცნება“ კანდიდატებს ვერ გაიყვანს, ხოლო მხარს ვის დაუჭერს და ვის არა, ეს კენჭისყრის დღეს გამოჩნდება.

სახალხო დამცველი სახელობით კენჭისყრაზე 90 ხმით აირჩევა. მმართველ პარტიას ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს და მას კანდიდატის მხარდასაჭერად ოპოზიციასთან შეთანხმება სჭირდება.

ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.

XS
SM
MD
LG