Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძებნილი დავით სანაკოევი ცხინვალიდან გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი დავით სანაკოევი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი დავით სანაკოევი

რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დე ფაქტო დეპუტატი დავით სანაკოევი გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მასზე ძებნაა გამოცხადებული.

„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოში შექმნილი ვითარების გამოძიების დასრულების და სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ მიუთითებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება როგორც რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტი, რომელიც მას აგრესორად წარმოაჩენს”, - ამის შესახებ დავით სანაკოევმა სააგენტო „ტასს“ უთხრა.

სანაკოევი ერთ-ერთია იმ სამ პირს შორის, რომელთა დაკავების ორდერები ჰააგის სასამართლოს პროკურატურამ გამოსცა. „ის, რომ სისხლის სამართლის სასამართლოს ამ ფორმით გამოძიების ეტაპი დასრულებულია, მიუთითებს იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად. სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმის დროს ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი და საქართველო არის აგრესორი. ახლა ჰააგის სასამართლოს უნდა, რომ ჩვენ კრიმინალებად გამოგვაჩინოს, ხოლო რუსეთი - აგრესორად, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს“, - განაცხადა სანაკოევმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა დასრულებულად გამოაცხადა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება.

„დღეს შემიძლია, დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა. ამასთან კარიმ ხანი განმარტავს, რომ „მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად“. „მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაში მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფლის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით, ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავისი მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს“.

30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

2016 წლის 27 იანვარს პირველმა წინასასამართლო პალატამ პროკურორს უფლებამოსილება მიანიჭა, დაეწყო გამოძიება სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული იმ დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილია სამხრეთ ოსეთში, საქართველოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. 2022 წლის 10 მარტს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა პირველი დაპატიმრების ორდერები გასცა.

დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არალეგიტიმურია და არანაირი პერსპექტივა არ ექნება.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG