Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია გადადო


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

წელს არ გაიმართება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ტრადიციული, დიდი პრესკონფერენცია. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამასთან ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მაინც მოახერხებს ჟურნალისტებთან გასაუბრებას“, - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი ამას ყოველთვის აკეთებს, მათ შორის უცხოეთში ვიზიტების დროსაც.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით შვიდჯერ იმყოფებოდა: ერთხელ ირანში და ექვსჯერ - დსთ-ს ქვეყნებში.

ნოემბერში გამოცემა "РБК" წერდა, რომ კრემლში ვერ ჩამოყალიბდნენ პუტინის ტრადიციული პრესკონფერენციის თარიღთან დაკავშირებით და მასზე გავლენას ახდენს უკრაინაში მიმდინარე ომის დინამიკა.

ასევე უცნობია, შედგება თუ არა ფედერალური საბჭოსადმი პუტინის ყოველწლიური მიმართვა.

„აუცილებელია დაზუსტება", - განაცხადა პესკოვმა. მანამდე მან თქვა, რომ ამისთვის მზადება "დიდი ხნის წინ დაიწყო".

რუსეთის პრეზიდენტის დიდი პრესკონფერენცია 2001 წლიდან იმართება, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი გახდა. ის მხოლოდ ერთხელ, 2005 წელს არ ჩატარებულა.

„პირდაპირი ხაზი“ ვლადიმირ პუტინთან არ შედგა მხოლოდ 2004 წელს, ხოლო 2020 წელს ის დიდ პრესკონფერენციასთან ერთად ჩატარდა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ პროსამთავრობო მედია პუტინის ხალხთან ურთიერთობის ხანგრძლივობას და მისდამი დასმული შეკითხვების რაოდენობას ითვლის ხოლმე.

რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, ფედერალური კრების წინაშე საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და ხედვების შესახებ ყოველწლიური ანგარიშით წარდგეს.

XS
SM
MD
LG