Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე რუსეთიდან ავიამიმოსვლის აღდგენაზე: მე ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერი და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. მან ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა, რომ ფრენის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია.

"პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, საქართველოს უამრავი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, თუ არ ვცდები მილიონამდე ქართველია. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მათი მხრიდან მიღებული, რომ იყოს პირდაპირი ფრენები, მე ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ...

რა არის იმაში ცუდი, რომ იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონთ, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდის საქართველოში. არა მარტო რუსეთის მოქალაქეები შემოდიან, იგივე ბელორუსებიც... [ფრენების შეწყვეტა] მათი გადაწყვეტილებაა... მორალური პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რომელიც ასე გაღელვებთ", - თქვა კახა კალაძემ.

რუსეთის სტრატეგიული კულტურის ფონდის ცნობით, მოსკოვში 2 დეკემბერს გამართულ რუსულ-ქართული ურთიერთობების ფორუმზე განხილული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების, პირდაპირი ავიარეისების აღდგენის და რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხები.

რუსეთის მხრიდან ფორუმში მონაწილეობდა უკრაინელებისა და დასავლეთის დისკრედიტაციით გამორჩეული „გორჩაკოვის ფონდი", საქართველოდან კი მონაწილეებს შორის იყო პარლამენტის ყოფილი წევრი, "პრიმაკოვის ფონდის" ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

როგორც სტრატეგიული კულტურის ფონდი იუწყებოდა, "პირველად მრავალი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ღია დიალოგისა და მწვავე საკითხების განსახილველად".

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG