Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გამართულ ფორუმზე რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხი განიხილეს


7 დეკემბერი. მოსკოვი. ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“.
7 დეკემბერი. მოსკოვი. ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“.

საქართველოდან 15-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა 7 დეკემბერს მოსკოვში გამართულ ფორუმში. რუსეთის სტრატეგიული კულტურის ფონდის ვებსაიტის ცნობით, ფორუმის „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“, ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტი და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“.

როგორც სტრატეგიული კულტურის ფონდი იუწყება, „პირველად მრავალი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ღია დიალოგისა და მწვავე საკითხების განსახილველად".

რუსეთის მხრიდან ფორუმში მონაწილეობდა უკრაინელებისა და დასავლეთის დისკრედიტაციით გამორჩეული „გორჩაკოვის ფონდი". კიევში მისი საინფორმაციო ცენტრი 2015 წელს დახურა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და მიზეზად „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის გავრცელება“ დაასახელა.

ღონისძიების მონაწილეთა შორის იყო საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, „პრიმაკოვის ფონდის" ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ის 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს, მთავარ ორგანიზატორთან, „ალტ-ინფოსთან“ ერთად აქტიურობდა.

რუსეთიდან ფორუმში წარმოდგენილი იყვნენ სახელმწიფო დუმის დეპუტატები, მათ შორის, ლეონიდ კალაშნიკოვი, რომელიც 2 დეკემბერს დუმის სპიკერთან, ვიაჩესლავ ვოლოდინთან ერთად იმყოფებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმში და შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას.

რუსეთის სტრატეგიული კულტურის ფონდის ცნობით, მოსკოვში გამართულ ფორუმზე განხილული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების, პირდაპირი ავიარეისების აღდგენის და რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხები.

7 დეკემბერი. მოსკოვი. ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“.
7 დეკემბერი. მოსკოვი. ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“.

„მხარეები დარწმუნებული არიან, რომ აუცილებელია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დარეგულირება. მიუხედავად არახელსაყრელი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობისა, მეგობრული კონტაქტები არასდროს არ შეწყვეტილა, რასაც მოწმობს მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადი, ორმხრივი ინტერესი, ნათესაური კავშირების დიდი რაოდენობა, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეებს აკავშირებთ და - ზრდადი ტვირთბრუნვა", - ვკითხულობთ ფონდის ვებსაიტზე.

ამასთან, ვებსაიტი დუმის დეპუტატის სიტყვით გამოსვლის შესახებ იუწყება: „რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა ილაპარაკა ღონისძიების მნიშვნელობაზე და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. ავიარეისების გაუქმება, სავიზო რეჟიმი, ეკონომიკურ სფეროში შეზღუდვები საგრძნობლად ართულებს ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას. დადგა დრო, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და განვსაზღვროთ ნაბიჯები, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაცოცხლოთ ის მტკიცე მეგობრობა, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის".

ფონდი აღნიშნავს, რომ ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის და საქართველოს პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტოლოგებმა და ისტორიკოსებმა.

ღონისძიებაში რუსეთის მხარეს წარმოადგენდნენ - სახელმწიფო დუმის დეპუტატები: ლეონიდ კალაშნიკოვი, კაზბეგ ტაისაევი, არტიომ კავინოვი, ვლადიმირ ისაკოვი, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლები. გარდა ამისა, ფორუმში მონაწილეობდნენ „სახალხო დიპლომატიის მხარდამჭერი გორჩაკოვის სახელობის ფონდი", „დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტი" და სხვ.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: დიმიტრი ლორთქიფანიძე (პარლამენტის ყოფილი წევრი), მერაბ ჭიქაშვილი, თემურ მაისურაძე (პარლამენტის ყოფილი წევრი), არჩილ ბუბუტეიშვილი, ირაკლი უბილავა, თემურ ფიფია, რომან ბოკერია, ზაზა ტყებუჩავა, ვასილ კაპანაძე, მიხეილ ჟღენტი, გიორგი ირემაძე, არჩილ სიხარულიძე, ჯაბა ჭანკვეტაძე და ვალერი კვარაცხელია. მათი ნაწილი წარმოადგენდნენ შემდეგ ორგანიზაციებს: „სოლიდარობა მშვიდობისთვის"; „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი" და „რუსულ-ქართული ბიზნესასოციაცია“.

7 დეკემბერი. მოსკოვი. ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“.
7 დეკემბერი. მოსკოვი. ფორუმი „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“.

ფონდის ცნობით, ფორუმის შედეგების თანახმად, გადაწყდა სახელმწიფოთა მეთაურებისადმი წინადადებით მიმართვა, რომელიც ეხება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას, ასევე, რუსეთში წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

XS
SM
MD
LG