Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საახალწლო ღონისძიებები 5 მლნ ლარამდე ჯდება


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

მიმდინარე წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის თბილისის მერია 4 994 200 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან დედაქალაქის მერიამ თანხმობა უკვე მიიღო.

თბილისის მერია აღნიშნავს, რომ დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევარია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეუძლებელი იყო ტენდერის გამოცხადება.

"ზემოაღნიშნული ღონისძიებები დედაქალაქში საახალწლო განწყობის შექმნას ემსახურება. მათი უდიდესი ნაწილი ღია ცის ქვეშ ტარდება და დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალი იქნება. დაგეგმილი მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს, როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლებზე, ასევე უცხოელ სტუმრებზე...

დაგეგმილი ღონისძიებები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, ამიტომ მისი ჩატარება საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, ვინაიდან გათვალისწინებული უნდა იქნას მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი", - ასე ხსნიდა მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას.

თბილისის მერის ბრძანება, 25 ნოემბერი
თბილისის მერის ბრძანება, 25 ნოემბერი

დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებების 22 დღის განმავლობაში გამართვა - 2022 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 13 იანვრის ჩათვლით - ორბელიანის მოედანზე, მშრალ ხიდზე, 9 აპრილისა და 9 მარტის ბაღებში.

"სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, სხვადასხვა გასართობი და კულტურული აქტივობები. ჩატარდება მსვლელობები, პერფორმანსები, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები. სტუმრების განწყობას აამაღლებს თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად.

ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო თემატური ფოტოზონები, მოცულობითი ინსტალაციები და დეკორაცია/მორთულობები: დეკორირებული ნაძვის ხეები, თემატური თაღები, სასცენო დეკორაციები, ხიდის, ქუჩებისა და ფასადების თემატური მორთულობები, მოცულობითი ინსტალაციები (თოვლის ბაბუას (სანტას) სახლი და სახელოსნო, საახალწლო ლაბირინთი, საახალწლო მატარებელი და ა.შ.) და სხვა", - აღნიშნავს თბილისის მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

​ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს გაიმართება - გალა კონცერტში 200-მდე მუსიკალური შემსრულებელი, მათ შორის გუნდები, ანსამბლები, ბენდები და ორკესტრი, მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG