Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების შედეგად გაცვალეს გრაინერი და ბუტი


ვიქტორ ბუტი (მარცხნივ) და ბრიტნი გრაინერი (კოლაჟი).
ვიქტორ ბუტი (მარცხნივ) და ბრიტნი გრაინერი (კოლაჟი).

რუსეთმა საპატიმროდან გაათავისუფლა ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერი, რის სანაცვლოდაც, ციხიდან გაუშვეს აშშ-ში გასამართლებული რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი.

CBS News-მა და CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით 8 დეკემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მიღწეულია გაცვლის შესახებ შეთანხმება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა გაცვლა და აღნიშნა, რომ გრაინერი "უსამართლოდ დააკავეს" რუსეთში და რომ ეს იყო "საჩვენებელი სასამართლო პროცესი."

„ეს ის დღეა, რომელსაც დიდხანს ვესწრაფოდით“, თქვა ბაიდენმა. ”ის უსაფრთხოდ არის, ის თვითმფრინავშია, ის სახლში მოდის”, - დასძინა მან.

სხვა პატიმრები არ ყოფილან შეთანხმების ნაწილი, მაგრამ ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს მუშაობას აშშ-ის იმ მოქალაქეების გასათავისუფლებლად, რომლებსაც რუსეთმა ბოლო წლებში გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელიც Telegram-ით გავრცელდა 8 დეკემბერს, გრაინერისა და ბუტის გაცვლა მოხდა აბუ-დაბის აეროპორტში.

32 წლის გრაინერი რუსეთში საპატიმროში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ 17 თებერვალს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მას ბარგში უპოვა რუსეთში აკრძალული კანაფის ზეთი. 2022 წლის აგვისტოში სასამართლომ გრაინერი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების კონტრაბანდაში და მას ცხრა წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. კალათბურთელმა განაჩენი გაასაჩივრა. შემდგომ ინსტანციაში გრაინერს სასჯელის შემსუბუქებაზე უარი ეთქვა, თუმცა გათვალისწინებულ იქნა მის მიერ იზოლატორში გატარებული დღეები და პატიმრობის ვადა რვა წლამდე შეუმცირდა. გრაინერი, რომელიც ამჟამად 32 წლისაა, თამაშობდა ეკატერინბურგის ქალთა გუნდში. აშშ-ის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან ორჯერ გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებზე.

55 წლის ვიქტორ ბუტს იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი აშშ-ში იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის.

XS
SM
MD
LG