Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი - მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამძიმარი გამოუცხადა უკრაინაში ომში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისივე თქმით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოსთვის დიდი დანაკლისია.

"პირველ რიგში, მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს, ასე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე. დიდი დანაკლისია, უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ტრაგედია, ასე რომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, უკრაინის ომში აქამდე დაღუპული საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენება მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, მთავრობამ უზრუნველყო და ყველა დაიკრძალა სამხედრო პატივით.

"ვინაიდან მათი უმრავლესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში - აგვისტოს ომი იქნებოდა 2008 წლის თუ მანამდე აფხაზეთის ომი და სამაჩაბლოში ომები. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული და კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ყველას აღნიშნული ეს ტრაგედია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ექვსი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

შალვა პაპუაშვილი იყო ხელისუფლების მეორე წარმომდგენელი საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ, ვინც უკრაინაში ბოლო დღეებში 6 ქართველი მებრძოლის დაღუპვას გამოეხმაურა.

5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში 3 დეკემბერს დაიღუპა, დაჭრილია მეთაური, გრძელდება ბრძოლა დაღუპულების ცხედრების გამოსაყვანად. გარდაცვლილის ოჯახებს 4 დეკემბერს სამძიმარი ქართულ ენაზე გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.

მოძრაობა "სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღეს გამოცხადებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG