Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს დარღვევა დაუდგინა. გადაწყვეტილება დღეს, 1 დეკემბერს, გამოქვეყნდა.

ტრანსგენდერმა კაცებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, რადგან ვერ შეძლეს საქართველოში მიეღწიათ საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის - პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერული იდენტობის შესაბამისად შეეცვალათ სქესის შესახებ ჩანაწერი.

ევროპულ სასამართლოში ორი განმცხადებლის (ა. დ.-სა და ა. კ.-ს) ინტერესებს "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", WISG-ი იცავდა, მესამე ტრანსგენდერი კაცის, ნიკოლო ღვინიაშვილის უფლებებს კი - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

"სასამართლოს განმარტებით, „წინამდებარე საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია რეალურად საქართველოში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომლითაც ნებადართულია პირის სქესის/სქესის ნიშნის შეცვლა სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებში (სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტი), კანონი დუმს იმ მოთხოვნებთან და წინაპირობებთან დაკავშირებით (მათ შორის, სამედიცინო სახის), რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ განხორციელდეს გენდერის სამართლებრივი აღიარება“. იქვე, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს და ეროვნული სასამართლოების მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვა: რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის", - აცხადებენ "საიაში".

სასამართლომ საქმეზე "ა. დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულმა განმცხადებელმა უნდა მიიღოს სახელმწიფოსგან 2-2 ათასი ევრო, ასევე 9 812 ევრო - მესამე აპლიკანტმა.

გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე დავა ტრანსგენდერმა კაცებმა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს - სარჩელები სტრასბურგის სასამართლოში 2017 წლის 10 ნოემბერსა და 2019 წლის 18 ოქტომბერს გაიგზავნა.

XS
SM
MD
LG