ირანში ულტრაკონსერვატორი კანონმდებლები გამოდიან წინადადებით, კიდევ უფრო მკაცრად დაისაჯონ ის დემონსტრანტები, რომლებიც, მათი შეფასებით, "მტრულ" ქვეყნებთან თანამშრომლობენ.
ინიციატივის თანახმად, დასავლეთის ინსტიტუტებთან ან მედიასაშუალებებთან, მათ შორის სოციალურ მედიასთან ნებისმიერი შეხება მიჩნეული იქნება თანამშრომლობად და ჩაითვლება დანაშაულად "დედამიწაზე გარყვნილების" მუხლით, რომელსაც ხშირად იყენებენ ჯაშუშობის ან ირანის მთავრობის დამხობის მცდელობასთან მიმართებით და რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა 16 სექტემბერს. დემონსტრანტები ქალების უფლებების დაცვას ითხოვენ აქციებით, რომლებიც ხელისუფლებისთვის წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ გამოწვევას 1979 წლის რევოლუციის შემდეგ.
ბოლო თვეებში ირანის კანონმდებლებს რამდენჯერმე ჰქონდათ დემონსტრაციებზე ზეწოლის გაძლიერების მცდელობა, უფრო და უფრო მკაცრი კანონების შემოღებით. ირანის ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს დემონსტრაციების მხარდაჭერაში ისე, რომ არ წარადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, დემონსტრაციებზე რეჟიმის ზეწოლას ამ დრომდე ემსხვერპლა სულ მცირე 445 ადამიანი, მათ შორის 61 არასრულწლოვანი.