ცენტი "ემპათია", რომელიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნებზე მუშაობს, აცხადებს, რომ საჭიროა სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევა, რაც საქართველოში არ ტარდება. ცენტრის განცხადებას ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ავრცელებს სოციალური ქსელის საშუალებით.
"ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს", - წერია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩასატარებლად კლინიკა "ვივამედში" უნდა შევიდნენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.