რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ უკრაინაში საომრად დაქირავებულმა, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულმა კონსტანტინ კისილიოვმა „სიმამაცის ორდენი" და მეთაურის თანამდებობა მიიღო. ამის შესახებ დამოუკიდებელი გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ წერს. მისი წყაროა რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკის მეექვსე კოლონიასთან კავშირის მქონე პირი. კისილიოვი ორი ქალის მკვლელობისთვის, 2017 წლიდან ამ კოლონიაში იხდიდა 9-წლიან სასჯელს, „ვაგნერში“ კი, 2022 წლის სექტემბერში გაწევრიანდა მას შემდეგ, რაც კოლონიაში პატიმრების დასაქირავებლად იმყოფებოდა სამხედრო კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი.
გამოცემის წყაროს თანახმად, კისილიოვის ცოლმა ქმრის ყოფილ თანამესაკნეებს უამბო, რომ მან ორდენი და მეთაურობა მიიღო იმისთვის, რომ საარტილერიო შეტევისას ქვედანაყოფიდან მხოლოდ ის გადარჩა. ცოლის ინფორმაციით, კისილიოვს ორდენი პირადად პრიგოჟინმა გადასცა. ქალმა ქმრის ყოფილ თანამესაკნეებს გაუგზავნა ვიდეოც, რომელშიც კისილიოვი უამბობს, რომ 15 კაციდან მხოლოდ ის გადარჩა, მეთაური გახდა და მითითებებს აძლევს ფულზე, რომლითაც კრასნოდარში ახალი ბინა უნდა შეიძინონ.
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარულ ჯარებთან ერთად ჩართულია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". წლების განმავლობაში, არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერდა, რომ "ვაგნერის" მფლობელია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული, მის "პირად მზარეულად" წოდებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. თავად პრიგოჟინმა საჯაროდ 26 სექტემბერს აღიარა, რომ "ვაგნერის" დამაარსებელი და დამფინანსებელია. პრიგოჟინი აქტიურად იყო ჩართული უკრაინაში საომრად მსჯავრდადებულთა დაქირავების პროცესში.