Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზაიკით დაფარულ კედელზე ფანჯრები თბილისის მერიის ნებართვით ამოჭრეს


თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი "მიონის" შენობის ფასადზე, რომელიც მოზაიკითაა დაფარული, ფანჯრების გამოჭრის და "ფრანგული აივნების" გაკეთების ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2021 წლის 13 დეკემბერს გასცა.

ინფორმაცია ამ ფასადის დაზიანების შესახებ საბჭოთა მოზაიკების მკვლევარმა ნატალია ამირეჯიბმა "ფეისბუკში" 14 ნოემბერს გაავრცელა და აღნიშნა, რომ მერია ინფორმირებული იყო ამ ფასადის მნიშვნელობისა და ღირებულების შესახებ, ვინაიდან მისი ორგანიზაციის, "რიბირაბოს", მიერ თბილისის მოზაიკების შესახებ მომზადებულ ტურისტულ გზამკვლევში ეს შენობა შეტანილი იყო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანახაობა. ძეგლს, სავარაუდოდ, არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სისტემაში ეს შენობა არ იძებნება.

მერიის არქიტექტურის სამსახურში განაცხადი მოზაიკიანი ფასადის იერსახის შეცვლაზე 2021 წლის ნოემბერშია შესული - განმცხადებელი კომპანია "მონა ლიზას" დირექტორი სალომე ჟორჟოლიანია. კომპანია ამ შენობას 2017 წლიდან ფლობს.

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კომპანიის მოთხოვნაზე, გაეკეთებინა ფანჯრებისთვის ჭრილები მოზაიკიან ფასადზე, თანხმობა მას შემდეგ გასცა, რაც "მონა ლიზას" მოსთხოვა არსებული ვითარების ამსახველი ფოტოების გადაღება სხვადასხვა რაკურსით.

"მიონის" ფასადი ფანჯრების გამოჭრამდე
"მიონის" ფასადი ფანჯრების გამოჭრამდე

მერიის არქიტექტურული სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით, შენობის მეპატრონემ 4 ფანჯარა უნდა გამოჭრას და ღიობებში ალუმინის პროფილის ვიტრაჟი ჩასვას.

XS
SM
MD
LG