ელენე 9 წლისა იყო, როდესაც მშობლებმა შენიშნეს, რომ ბავშვი უჩვეულოდ სწრაფად იმატებდა წონაში. 12 წლისა უკვე 80 კილოს იწონიდა - გოგონამ ჯერ ფოტოების გადაღებაზე თქვა უარი, შემდეგ უხასიათობა დასჩემდა, მალე იღლებოდა და გარეთ გასვლას გაურბოდა. ელენეს დედა, ნინო შვილს ფრთხილად უხსნიდა, რომ წონა უნდა ეკონტროლებინა მომავალში ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
„პანდემიის პერიოდმაც თავისი ქნა - ყველანი სახლში ჩავსხედით, რაც იმას ნიშნავდა, რომ მაცივართან, საკვებთანაც უფრო ახლოს ვიყავით, აღარ ვმოძრაობდით. ელენე აღარ დადიოდა ცეკვაზე, წონა კი მატულობდა“.
ერთ დღეს, ელენემ, დედას და მამას თავად სთხოვა, რომ ტკბილეული და ცომეული აღარ ეყიდათ. უარი თქვა გვიან ღამით ჭამაზე და ასე დაიწყო ჭარბ წონასთან ბრძოლის არც ისე მარტივი დღეები, რომლებიც დღესაც გრძელდება.
„ცუდი ის იყო, რომ 5 კილოზე მეტს ვეღარ ვიკლებდი, მოტივაციაც მეკარგებოდა და ისევ ვიწყებდი თავიდან ცომეულის ჭამას. მერე, 1-2 კვირა სწორად რომ ვიკვებებოდი, სასწორზე შეგნებულად არ ვდგებოდი ხოლმე, მხოლოდ მაშინ ავიწონე, როცა წონაში კლება შევნიშნე. ვიცი, რომ ვარჯიშიც საჭიროა. ამიტომ ვცდილობ ყოველდღე 20-30 წუთი ვივარჯიშო“, - გვიყვება ელენე.
ყოველი მესამე
ბავშვთა სიმსუქნის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ამბობს, რომ დღეს ევროპაში სკოლის ასაკის ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. დაა ეს მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში ზრდადია.
საქართველოში ბავშვთა 28%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა (სიმსუქნის ჩათვლით), რაც ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია. თუმცა ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ სფეროში ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, იოლად გაიზარდოს.
ანგარიშის თანახმად, დღეს ბავშვებში ჭარბი წონა და სიმსუქნე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ეს დასკვნა კი ეყრდნობა ევროპის რეგიონის 33 ქვეყნის მონაცემს, რომელიც 2018-2020 წლებში შეგროვდა - კვლევაში მონაწილეობა მიიღო 6-9 წლის ასაკის თითქმის 411 000-მა ბავშვმა.
გამოიკვეთა, რომ კვლევის მონაწილე ქვეყნებში 7-9 წლის ბავშვების 29%-ს აწუხებს ჭარბი წონა (მათ შორის სიმსუქნე).
ჭარბი წონა უფრო ხშირად ბიჭების პრობლემა ხდება (31%), ვიდრე გოგონების (28%).
განსხვავებულია ჭარბი წონის (მათ შორის სიმსუქნის) გავრცელების მაჩვენებლები 7-9 წლის ბავშვებში - ქვეყნების მიხედვითაც: ტაჯიკეთში, მაგალითად, ეს მაჩვენებელი 6%-ია, ხოლო კვიპროსში იგი 43%-ს აღწევს.
ბავშვებში, როგორც ჭარბი წონის, ისე სიმსუქნის გავრცელების მხრივ პირველი სამი ადგილი უკავია:
- კვიპროსს;
- საბერძნეთს;
- იტალიას.
ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და თურქმენეთს.
კვლევამ ასევე გამოკვეთა, რომ ყოველდღიურად ახალ ხილს 6-9 წლის ბავშვების ნახევარზე ნაკლები, 43% იღებს. კვლევის ამ არეალის ქვეყნებში 6-9 წლის ბავშვების 7% კი, ხილს ან საერთოდ არ ჭამდა, ან მხოლოდ კვირაში ერთხელ.
პორტუგალია ის ქვეყანაა, სადაც ამ ასაკის ბავშვებში ხილის მოხმარება ყველაზე მაღალია - 63%. ირლანდიაში ეს მაჩვენებელი 61%-ია, დანიაში - 60%.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ მხრივ არის საქართველოში - ამ ასაკის ბავშვების მხოლოდ 23% იღებს ხილს.
ამ ქვეყნებში 6-9 წლის 10 ბავშვიდან ერთზე მეტი (11%) არასოდეს მიირთმევდა ბოსტნეულს ან მხოლოდ კვირაში ერთხელ ჭამდა მას.
შედარებისთვის, თუ პორტუგალიაში ბავშვების 57% ყოველდღიურად ჭამს ბოსტნეულს, საქართველოში ეს მაჩვენებელი ისევ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და 13%-ს შეადგენს.
დაბალია ბავშვების ფიზიკური აქტივობაც.
6-9 წლის ბავშვების მხოლოდ 41% მიდიოდა სკოლაში და ბრუნდებოდა უკან ფეხით, სკუტერით ან ველოსიპედით.
50% დადიოდა სასკოლო ავტობუსით, მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ასევე, 6-9 წლის ბავშვების ნახევარზე მეტი (53%) კვირაში მინიმუმ ორ საათია დაკავებული სპორტით ან ცეკვით. 10 ბავშვიდან ოთხი (40%) კი არც ერთ ამ აქტივობაში ჩაბმული არ არის.
ცალკე პრობლემაა ტელევიზორსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან გატარებული საათების ხანგრძლივობაც.
კვლევის თანახმად, 6-9 წლის ასაკის ბავშვების 43%, დღეში, სულ ცოტა, ორ საათს ატარებს ტელევიზორსა და ელექტრონულ მოწყობილობებთან. შაბათ-კვირას კი, ბავშვების სამ მეოთხედზე მეტი - 76% ზის ეკრანებთან - ორი საათის ან მეტი ხნის განმავლობაში.
ამ ანგარიშის ავტორი, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ოფისის ხელმძღვანელი, კრემლინ ვიკრამასინგე მიიჩნევს, რომ საჭიროა „უკეთესი პოლიტიკა, რომელიც ბავშვთა სიმსუქნის მიმდინარე ტენდენციებს შეცვლის, განსაკუთრებით კი, COVID-19-ის პანდემიის ფონზე, რომელიც, თავის მხრივ, ჭარბი წონისა და სიმსუქნის სახიფათო რისკფაქტორია”.
ბავშვთა ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის პრობლემებმა პანდემიის დროს საქართველოშიც იმატა, - გვითხრა პედიატრ-ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ექიმი შენიშნავს, რომ გაზრდილია წონის მატების და მისი თანმდევი სხვა პრობლემების გამო ექიმთან მიმართვების რაოდენობაც.
ადრე, ჭარბი წონა ბავშვებში პრობლემად არ მიიჩნეოდა - როგორც ნინო ხელაძე ამბობს, ასეთი ბავშვი, პირიქით, „კარგ მოვლილ ბავშვად“ ითვლებოდა, თუმცა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, მშობლები ამ პრობლემით ძალიან შეწუხდნენ:
„ზოგ ბავშვს კიბეზე ასვლა უჭირს, ზოგი ქოშინებს, ზოგს ფეხები სტკივა - ამ მხრივ ბევრი მოგვმართავს. ყურადღება კარგია, მაგრამ ასეთი შემთხვევების ზრდა საგანგაშოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ისედაც მაღალია მეორე ტიპის დიაბეტის საფრთხე. ჭარბი წონა და სიმსუქნე კი პირდაპირ კავშირშია ამ დაავადების გაჩენის რისკთან. თან, სულ ცოტა, 50%-ია იმის შანსი, რომ ბავშვს წონის პრობლემა მოზარდობის ასაკშიც გადაჰყვეს“.
ექიმი მშობლებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ბავშვებში სიმსუქნეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ გარეგნული ცვლილება. სიმსუქნე, ამბობს ნინო ხელაძე, არის ყველაზე ხშირი პედიატრიული ქრონიკული დაავადება, რომელსაც, შესაძლოა, მოჰყვეს გართულებები თუნდაც დიაბეტის ან ჰიპერტენზიის სახით. ამიტომ, ექიმი ამბობს, რომ მშობლებმა ყველანაირად უნდა იზრუნონ როგორც ბავშვის სწორ კვებაზე, ისე მათი ფიზიკური აქტივობის თითოეულ საათზე:
„ბავშვის ცხოვრებისთვის მათი ფიზიკური დატვირთვა ისეთივე აუცილებელია, როგორც ჰიგიენაზე ზრუნვა“.
ნინო ხელაძის თქმით, ისიც საინტერესოა, რა მონაცემებს ეყრდნობა ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიში საქართველოში ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრობლემის მქონე ბავშვების რაოდენობის შესახებ, რადგან საქართველოში, დაზღვეულ პაციენტს, რომელსაც დიაგნოზად უწერია სიმსუქნე, სადაზღვევო კომპანია, როგორც წესი, სამედიცინო ხარჯებს არ უნაზღაურებს. ამიტომ, ექიმები ხშირად იძულებულები ხდებიან, სხვა დიაგნოზი ჩაწერონ, რომ პაციენტმა შეძლოს გამოკვლევების ჩატარება. ეს ფაქტორი, სავარაუდოდ, სტატისტიკასაც მნიშვნელოვნად ცვლის.