Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა სააკაშვილს ტუბერკულოზი? - "ვივამედის" პასუხი


ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი
ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა "ვივამედი", რომელშიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მკურნალობს, განგრძობს კვლევების ჩატარებას იმის დასადგენად, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულოზი. როგორც "ვივამედის"კლინიკური დირექტორი ზურა ჩხაიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათ ეჭვი ტუბერკულოზზე პაციენტის მდგომარეობამ გაუჩინა.

"ჩვენ გვქონდა კვლევები გაკეთებული საქართველოში, მაგრამ გადამოწმების მიზნით გაიგზავნა გერმანიაში, საიდანაც მივიღეთ იდენტური პასუხი ტუბერკულოზთან დაკავშირებით. მითითებულ ანალიზში კატეგორიულად არ არის ნათქვამი, იქ მითითებულია კვლევები, რომელიც უნდა ჩატარდეს. დაველოდოთ, იქნება დიაგნოზი. უახლოეს დღეებში ნახავენ სპეციალისტები, შეაჯერებენ ყველა მონაცემებს და იქნება გადაწყვეტილება", - ამბობს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი.

მისი თქმით, ტუბერკულოზით დაავადებაზე ეჭვი პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და სიმპრომების გამო გაუჩნდათ.

"ეჭვი გაგვიჩინა, პირველ რიგში, მისმა კლინიკურმა მდგომარეობამ, სიმპტომატიკამ... ჩვენ ვატარებდით ყველა სახის კვლევას ტემპერატურული რეაქციის დასადგენად. მას აქვს სხვა დაავადებებიც", - ამბობს ზურა ჩხაიძე.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ტუბერკულოზითაა დაავადებული, "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში თქვა მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

"დღეს მას დაუდგინდა ტუბერკულოზის ჩხირი. თქვენ რას ფიქრობთ, სააკაშვილი ტუბერკულოზით შემოვიდა საქართველოში? აგერ გერმანელებისგან მომივიდა ერთი საათის წინ პასუხი... არ ვიცი, სად დაემართა... თვითონ არც იცის, პირველად იგებს საზოგადოება. არ იცის თვითონ ეს ამბავი", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ გუშინ, 7 ნოემბერს, დღეს კი აღნიშნა, რომ "სავარაუდო დიაგნოზებზეა საუბარი, ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის".

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, რომლის ორგანიზაციაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას ამზადებს, ყველა მხარეს მოუწოდებს, არ ისაუბრონ დიაგნოზზე.

"ექსპერტიზის პასუხი იქნება, წარიმართება სასამართლო. ადამიანის ჯანმრთელობისა და კონფიდენციალურობის უფლება დაცული უნდა იყოს... შეთანხმება ექსპერტიზასთან არაფრის ხდება. ექსპერტიზა დასრულდება, დოკუმენტაცია იქნება, მე სხვას ვერაფერს გეტყვით, ვინ რას ამბობს. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა", - უთხრა ჯიშკარიანმა რადიო თავისუფლებას.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები თვეებია, ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი კლინიკაში განთავსების მიუხედავად, უარესდება. ისინი სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ. თავად სააკაშვილმა რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს პოლიტიკა აღარ აინტერესებს და მისი ინტერესის საგანი სრულად არის უკრაინაში მიმდინარე ომი.

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საქართველოში საფრთხე არ ემუქრება და უარს ამბობს მისი რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ გაშვების შესაძლებლობის განხილვაზე.

XS
SM
MD
LG