Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე მამალაძე: მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან


თორნიკე მამალაძე
თორნიკე მამალაძე

მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ძმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გაათავისუფლოს დეკანოზი.

"უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა არის უმძიმესი! მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა დადგეს უმძიმესი, ლეტალური შედეგიც კი! ეს კი არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას!" - წერს თორნიკე მამალაძე ფეისბუკზე და მადლობას უხდის ყველა მხარეს ევროსასამართლოში დამდგარი შედეგის შემდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და კონვენციის რამდენიმე პუნქტის დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს ადგენს:

  • არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დაირღვა სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
  • სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია);
  • სასამართლოს დავალებით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მამალაძეს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დეკანოზ მამალაძეს დაეკისროს ხარჯის სახით.

"უარყოფს განმცხადებლის დარჩენილ მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ", - აღნიშნავს სასამართლო.

სტრასბურგის სასამართლოში მამალაძის სარჩელის ავტორი, იურისტი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ საქმე მოიგო.

"სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1 და 6.2) დარღვევა.

როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია", - წერს ადვოკატი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

XS
SM
MD
LG