Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის შეფასებით, დაუშვებელი იყო ნიკა გვარამიას მსჯავრდება მენეჯერული გადაწყვეტილების მიღებისთვის


თბილისის სააპელაციო სასამართლო. „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო. „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე.

განაჩენს, რომელიც „მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას მიმართ გამოიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, განცხადებით ეხმაურება სახალხო დამცველი. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ის უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას მიმართ დღეს გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს სახალხო დამცველმა, ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სახალხო დამცველის შეფასებით, დაუშვებელი იყო ნიკა გვარამიას მსჯავრდება მის მიერ მენეჯერული გადაწყვეტილების მიღებისთვის (ე.წ. რეკლამების ეპიზოდი), რაც შესაძლებელია თეორიულად გამხდარიყო სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი, მაგრამ არა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი.

სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და არ გაითვალისწინა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპები. სააპელაციო სასამართლომ კი ხსენებული სამართლებრივი საკითხების სწორად შეფასების ნაცვლად, კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა იმ ქმედების გამო, რომელიც თავისი შინაარსით სამოქალაქო სამართლებრივია და რომლის სისხლისსამართლებრივად მიჩნევის მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება",
- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა, ასევე, შეაფასა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ეპიზოდი.

„სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე.წ. მანქანის ეპიზოდში ნიკა გვარამიას მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი პრობლემური იყო ამ ეპიზოდშიც. ერთი მხრივ, საკითხი მნიშვნელოვანწილად ჰგავდა საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში ე.წ. რეკლამების ეპიზოდს, მეორე მხრივ კი არსებით გარემოებებთან დაკავშირებით სრულიად დაუსაბუთებელი იყო", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დასაბუთებული განაჩენის მიღებისთანავე სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ საზოგადოებას დამატებით წარუდგენს საქმის დეტალურ შეფასებას.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 8 ივნისს მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების გათვალისწინებით, ნიკა გვარამიას დარღვეული უფლებების საპასუხოდ, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებისკენ მოუწოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე (მითვისება ან გაფლანგვა) მუხლის "ა", "ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, დაკვალიფიცირდა სს კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით და ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ სს კოდექსის 220-ე მუხლით - ორ ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, 2015 წლის ეპიზოდში დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და ექვსი თვის ვადით.

3 წელი და ექვსი თვე განუსაზღვრა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკა გვარამიას 2019 წლის, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდშიც:

"სს კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით", - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს პირველ ინსტანციას ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა გამოტანილი. ეს ეხებოდა 2015 წლის ეპიზოდს, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა და საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა.

ხოლო 2019 წლის ეპიზოდზე, ავტომობილის საქმეზე, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვის ვადით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას მანქანის ნაწილში სასჯელად კვლავ დაუტოვა პატიმრობა 3 წლითა და 6 თვით, თუმცა, 2015 წლის ეპიზოდში, ნაცვლად ჯარიმისა, მას ასევე მიუსაჯა პატიმრობა 3 წლითა და 6 თვის ვადით,

სასამართლო კოლეგიის განცხადებით, სასჯელის მოხდის ვადა ნიკა გვარამიას დაეწყო 2022 წლის 16 მაისიდან.

XS
SM
MD
LG