ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გაბუნიას თქმით, ის "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებულ განაჩენს არც მოელოდა. ეს კომენტარი გაბუნიამ რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში, 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მიერ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.
„ველოდი. არ ველოდი - მეთქი რომ გითხრათ მოვიტყუები. თუმცა, ყველას გვქონდა სურვილი რაღაც მაინც შეცვლილიყო. არ მქონდა იმედი, რომ მოსამართლეები მიიღებდნენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს არ მიკვირს. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ჯერ კიდეც ნიკა გვარამია იყოს ციხეში, ამიტომ ნიკა რჩება ციხეში“,- უთხრა გაბუნიამ რადიო თავისუფლებას.
მისივე თქმით, ნიკა გვარამია დღესვე რომ გამოეშვათ ციხიდან. ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ასე სჭირდება. „შეიძლება ჩვენ გამარჯვება გვეზეიმა, მაგრამ სინამდვილეში გამარჯვებას იზეიმებდა ისიც. არ ვიცით, როდის შეიცვლება გარემო ქვეყანაში და საერთაშორისო არენაზე ისე, რომ ნიკას თავისუფლება გახდეს საჭირო "ქართული ოცნებისთვის". ვნახოთ", - თქვა გიორგი გაბუნიამ.
რას ნიშნავს "მთავარი არხისთვის" ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, რომ არხს ფინანსური პრობლემები აქვს, გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ არხს ფინანსური პრობლემები მანამდეც ჰქონდა ის გამწვავდა ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ.
„ჩვენ 6 თვეა გვიწევს ნიკას გარეშე მუშაობა. ასე რომ, გავაგრძელებთ მოძრაობას იმ რელსებზე რომელზეც ვდგართ. ახალი და მოულოდნელი ახლა "მთავარი არხისთვის აღარაფერი აღარ ხდება“,- თქვა გაბუნიამ.
2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სასჯელის ზომად, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წელი და 6 თვე, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.
ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი 2019 წლის ეპიზოდზე. (ე.წ პორშეს ეპიზოდი) ბრალდების მტკიცებით ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა.
ამასთან საქალაქო სასამართლოს განაჩენით გვარამიას 50 ათასლარიანი ჯარიმა ჰქონდა შეფარდებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. საუბარია 2015 წლის ეპიზოდზე. ბრალდების მტკიცებით ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა.
2 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიასთვის, მანქანის ეპიზოდში, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა და სასჯელად 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო 2015 წლის ეპიზოდში, ჯარიმის ნაცვლად საპატიმრო სასჯელი გამოიყენა, საბოლოოდ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლო კოლეგიის განცხადებით, სასჯელის მოხდის ვადა ნიკა გვარამიას დაეწყო 2022 წლის 16 მაისიდან. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გვარამია დამნაშავედ ცნო, პროკურატიურის მიერ წარდგენილ ბრალდებებში.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.