Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტისარაკეტო სისტემის არქონა უკრაინის საიმედო თავდაცვას შეუძლებელს ხდის


უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი კიევში. 2022 წლის 17 ოქტომბერი
უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი კიევში. 2022 წლის 17 ოქტომბერი

1 ნოემბერს უკრაინამ კვლავ შეახსენა კოლექტიურ დასავლეთს ქვეყნის თავდაცვაში არსებული „აქილევსის ქუსლის“ შესახებ, რაც რუსეთს კვლავაც დიდ შესაძლებლობას აძლევს დიდი ზიანი მიაყენოს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

ლაპარაკია ეფექტურ ანტისარაკეტო სისტემებზე, რომლის გარეშეც უკრაინის არმიას უკიდურესად უჭირს რუსეთის ბალისტიკური რაკეტების იერიშებისგან თავის დაცვა. ამ განცხადების ფონია უკრაინის დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ემზადება ირანისგან დიდი სიშორის ბალისტიკური რაკეტების მისაღებად, რომლებსაც, სავარაუდოდ, უკრაინის დედაქალაქიდან საკმაოდ ახლოს - ჩრდილოეთ საზღვარზე განალაგებს.

„ესენია ბალისტიკური რაკეტები. ერთი რაკეტის ფრენის სიშორეა 300 კილომეტრი საათში, მეორის - 700 კილომეტრი. მათი ჩამოდგება თეორიულად შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ეს ძალიან რთული გასაკეთებელია იმ საშუალებებით, რომლებიც დღესდღეობით ჩვენ შეიარაღებაში გვაქვს. ჩვენ გვაქვს საჰაერო თავდაცვის სისტემა, მაგრამ არა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა“, - განაცხადა საერთო-ეროვნულ საინფორმაციო მარათონში მონაწილეობის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, იური იგნატმა.

ის, რაზეც უკრაინელი მაღალჩინოსანი საუბრობს, რამდენჯერმე გამოჩნდა რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში, როდესაც იმავე ჩრდილოეთის, ანუ ბელარუსის მიმართულებით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიისკენ 20 „ისკანდერის“ კლასის ბალისტიკური რაკეტა გატყორცნა.

გარდა ამისა, საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ ბალისტიკური რაკეტა უკრაინისკენ გაუშვეს შავი ზღვის აკვატორიიდან, ხოლო ჰაერი-ჰაერის კლასის Х-22 ბალისტიკური რაკეტები Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა ისროლეს.

„ამჟამად რუსეთი უკრაინის სამხედრო ძალების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ძირითადად იყენებს საჰაერო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს X-101 და X-555. და უფრო ნაკლებად ეს არის საზღვაო ბაზირების სისტემა „კალიბრი“. „ისკანდერის“ კლასის ბალისტიკური რაკეტები რუსეთის არმიის მხრიდან ფაქტობრივად არ გამოიყენება, რადგან რუსეთმა მათი მარაგი უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე ამოწურა და, რამდენადაც მესმის, მათი წარმოება რუსეთისთვის საკმაოდ გართულებულია“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი მიკოლა ბელესკოვი.

“მათი გადაცემა საკმაოდ ზრდის რუსეთის შეტევით პოტენციალს”

ასეა ეს თუ არა, ძნელი სათქმელია, რადგან ომის პირობებში ძნელია მსგავსი ხასიათის ინფორმაციის გადამოწმება. მაგრამ კიევში ეჭვი არ ეპარებათ, რომ მოსკოვი ამჟამად თავისი სტრატეგიული პარტნიორის, ირანისგან ელოდება ბალისტიკური რაკეტების მიღებას. ისევე, როგორც თავის დროზე თეირანისგან მიიღო უპილოტო თვითმფრინავები, რომლითაც რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები უწყვეტად იბომბება.

მით უფრო, რომ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ირანი რუსეთში რაკეტებისა და დრონების გასაგზავნად ემზადება.

ამის შესახებ ტელეკომპანია იტყობინება დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, - თეირანი მოსკოვს გაუგზავნის მცირე რადიუსის „მიწა-მიწა“ კლასის ბალისტიკურ რაკეტებს და საბრძოლო დრონების დამატებით პარტიას.

„ჩემი აზრით, აქ ლაპარაკია საკუთრივ ირანის წარმოების რაკეტებზე, რომელთა სროლის სიშორე 300 და 700 კილომეტრს აღწევს. კერძოდ, „ფატეჰ -110“-ის და „ზულფიკარის“ კლასის ბალისტიკური რაკეტებზე, რომლებიც, რამდენადაც მახსოვს, 2020 წელს ერაყში მდებარე ამერიკული ბაზის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული ამერიკული არმიის მიერ ყასემ სოლეიმანის განადგურების პასუხად“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი მიკოლა ბელესკოვი.

ირანული წყაროების ცნობით, 2 წლის წინ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) გამოაცხადა საკუთარი თავი იერიშებზე პასუხისმგებლად. მრავალჯერადი თავდასხმა ერაყში განთავსებულ სამიზნეებზე კი ყასემ სოლეიმანის მშობლიურ ქალაქში დაკრძალვიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.

შემდეგ ირანმა ბალისტიკური რაკეტებით რამდენჯერმე ჩაატარა სამხედრო წვრთნები, რაც წარმოადგენდა „ძალის დემონსტრირებას“ ვაშინგტონთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ირანის ბირთვული პროგრამისა და თეირანის წინაააღმდეგ აშშ-ის ზეწოლის კამპანიის გამო.

მაგრამ რამდენად შეცვლის რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობას, რუსეთისთვის ირანული ბალისტიკური რაკეტების გადაცემა? დიდი ცვლილება არ იქნება, მაგრამ თავის ტკივილი კი უკრაინის დამცველებს აშკარად დაემატებათო, - ამბობს ბელესკოვი.

„ბალისტიკური რაკეტების სფეროში ირანს აქვს სერიოზული ნამუშევარი. რაკეტების წარმოებაში, საკუთარ სარაკეტო პროგრამაში, ირანმა სერიოზული ინვესტიციები ჩადო. 1990-იან წლებში ირანმა გარკვეული ტექნოლოგიების იმპორტი განახორციელა რუსეთიდან თავისი სარაკეტო პროგრამისთვის, ასევე ჩრდილოეთ კორეიდან პაკისტანის გავლით, მაგრამ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ირანს აქვს სწორედ ისეთი ბალისტიკური რაკეტები, რომლების შეძენით რუსეთი დაინტერესებულია მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად ამოწურა საკუთარი ბალისტიკური რაკეტების მარაგი. მათი გადაცემა, როგორც ზემოთ ვთქვი, საკმაოდ ზრდის რუსეთის შეტევით პოტენციალს. ესენია ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ბგერაზე 3-4-ჯერ უფრო სწრაფად დაფრინავენ. ასეთ დროს მათზე რეაგირებისათვის დრო შეუდარებლად მცირდება. შესაბამისად, საჭიროა იმაზე უფრო ეფექტური გადამტაცი მოწყობილობა, ვიდრე უკრაინას გააჩნია. ახლა, ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად უკრაინას სჭირდება ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“. ამჟამად ლაპარაკი არ მიდის უკრაინისათვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ გადაცემაზე. ახლა ლაპარაკი მიდის უკრაინისათვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა NASAMS-ისა და გერმანული სარაკეტო საზენიტო კომპლექს IRIS-T-ის გადაცემაზე, რომლებიც კარგად იბრძვიან ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, მაგრამ მათთვის, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემურია ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა“, - ამბობს მიკოლა ბელესკოვი.

„ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად უკრაინას „პეტრიოტები“ სჭირდება“

NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემა განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების, მათ შორის ფრთოსანი რაკეტების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე ნებისმიერი ამინდის პირობებში.

ოქტომბრის ბოლოს აშშ-მა უკრაინას გადასცა პირველი ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებაში ასევე არის კიდევ ერთი დასავლური მოდელის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ესაა საზენიტო-სარაკეტო დანადგარი IRIS-T, რომელიც მცირე მოქმედების, თვითდამიზნების ინფრაწითელი ქობინის მქონე „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტით არის აღჭურვილი.

ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენამ ოპტიმიზმი გაუძლიერა უკრაინის სამხედრო თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს, რომელმაც 12 ოქტომბერს NASAMS-ის მიღების შესახებ ცნობას, საჰაერო დაცვის ახალი ეპოქა უწოდა.

„IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქ არის, NASAMS-ები აშშ-დან მოდის. ეს მხოლოდ დასაწყისია. მეტი გვჭირდება. ეჭვი არ არის, რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა და უკრაინის თავზე ცის დაცვა მორალური იმპერატივია, რომ ჩვენი ხალხი გადავარჩინოთ“, - დაწერა ტვიტერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ამ „მორალური იმპერატივის“ საქმედ ქცევას, საჰაერო-საზენიტო თავდაცვის სისტემების გარდა, უკრაინისთვის თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემების გაგზავნა სჭირდება.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“ საბრძოლო თვითმფრინავების და ბალისტიკური რაკეტების განადგურებისთვის გამოიყენება. ცნობილია, რომ ახალი, კომპლექსური საჰაერო თავდაცვითი სისტემის ინტეგრირებას ნებისმიერი ქვეყნის არსებულ სამხედრო არქიტექტურაში, ისევე, როგორც შესაბამისი ძალების გაწვრთნას, საკმაო დრო სჭირდება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG