8 იანვარს ირანმა ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ერაყში მდებარე რამდენიმე სამიზნისკენ. მათ შორის სულ ცოტა ორი სამხედრო ბაზაა, რომლებზეც ამერიკელი სამხედროები და კოალიციის ძალები იმყოფებიან, იუწყება პენტაგონი.
აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა: „ნათელია, რომ ეს რაკეტები ირანიდან არის გაშვებული“.
ჰოფმანისვე განცხადებით, იერიშის ქვეშ მოყვნენ სამხედრო ბაზები: აინ ალ-ასადი და ირბილი, მიმდინარეობს „იერიშით მიყენებული ზიანის პირველადი შეფასება“.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) გამოაცხადა თავი იერიშებზე პასუხისმგებლად. ეს ინფორმაცია ირანის სახელმწიფო ტელევიზიითა და საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა.
IRGC აცხადებს, რომ იერიში აინ ალ-ასადის ბაზაზე, რომელზეც ამერიკელი სამხედროები არიან, „ყველა ანგარიშით, სრულად წარმატებული იყო“.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ მრავალრიცხოვანი იერიში განხორციელდა ირანის სამხედრო მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო შურის საძიებლად. ყასემ სოლეიმანი გასულ კვირაში აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.
ირანელ სამხედროთა მიმართვაში არის „მეტი გამანადგურებელი პასუხის“ მუქარა, თუკი აშშ საპასუხო იერიშებს განახორციელებს.
იმავე მიმართვაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის კოდური სახელწოდებაა „წამებული სოლეიმანი“ და ირანელი სამხედროები აშშ-ს ურჩევენ, მეტი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, ჯარები რეგიონიდან გაიყვანოს.
არ არის დაზუსტებული, კიდევ რომელ ობიექტებზე განხორციელდა იერიში.
„ჩვენ ინფორმირებული ვართ ერაყში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმების შესახებ“, - განუცხადეს თეთრ სახლში ჟურნალისტებს, „პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] ინფორმირებულია, გულდასმით აკვირდება ვითარებას და კონსულტაციას გადის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან“.
მრავალჯერადი თავდასხმა ერაყში განთავსებულ სამიზნეებზე განხორციელდა საათებში, ყასემ სოლეიმანის მშობლიურ ქალაქში დაკრძალვიდან.
ირანის სამხედრო ლიდერები და ერაყის პროირანული ჯგუფები ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო შურისძიებით იმუქრებოდნენ.
ერთი დღით ადრე, ვაშინგტონში, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, მისი ვარაუდით, ირანი განახორციელებდა სოლეიმანის მოკვლის გამო საპასუხო ნაბიჯებს „რაიმე გზით ან ფორმით“.
„მზად ვართ ნებისმიერი მოსალოდნელი განვითარებისთვის. შემდეგ ვუპასუხებთ იმის შესაბამისად, რასაც ჩაიდენენ“, - განაცხადა მარკ ესპერმა ერაყში იერიშებამდე ერთი დღით ადრე.