თანამგზავრების ჩამოყრის მუქარა მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტოა და რუსეთამდე ეს არავის, არასდროს უთქვამს.
თეორიულად, რუსეთს თანამგზავრის განადგურება შეუძლია; მაგრამ სხვა საკითხია - რამდენად შეძლებს ის ამას პრაქტიკულად, მით უფრო ახლა, როცა უკრაინასთან ომში, პრობლემები დღითი დღე ემატება.
- მაინც რა გზებით შეუძლია რუსეთს თანამგზავრის ჩამოგდება?
- რა ფასად დაუჯდება კრემლს ასეთი ნაბიჯის გადადგმა?
- მოსალოდნელია თუ არა „ვარსკვლავური ომი“?
რა შეუძლია რუსეთს?
რუსეთს, მაგალითად, შეუძლია, დაარტყას რომელიმე თანამგზავრს კოსმოსში, ისევე, როგორც, შარშან ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, ბალისტიკური რაკეტით გაანადგურა 1982 წელს გაშვებული ძველი საბჭოთა თანამგზავრი და კოსმოსში პრობლემებიც გამოიწვია. ეს თანამგზავრი, თავის დროზე დაზვერვის მიზნებს ემსახურებოდა.
ერთია - თეორიული შანსი და სხვაა პრაქტიკული შესაძლებლობა - გაანადგურო ამერიკელების ათასობით თანამგზავრი.
„ბიჭებო [მიმართავს რუსეთს], თქვენ გაწამდებით მათი ჩამოყრით. ეს სრულიად უსარგებლოა... ამასთან, სხვა სახელმწიფოს თანამგზავრების ჩამოგდება კაზუს ბელია. ეს ომის გამოცხადებას ნიშნავს“, - ამბობს დენის ალბინი, ჟურნალის „ყველაფერი კოსმოსის შესახებ“ მთავარი რედაქტორი „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში და იქვე, რუსეთის თეორიულ სამიზნეებს არითმეტიკულად აჯამებს: Starlink - 3000 ათასზე მეტ თანამგზავრი; Maxar - 80-ზე მეტი; BlackSky - 150; Planet Labs - 100 თანამგზავრი. რომელი ერთი უნდა ჩამოაგდოს რუსეთმა?!
თანამგზავრების მფლობელი კომპანიებისგან - Maxar, Planet Labs and BlackSky - აშშ უკრაინისთვის სატელიტურ ფოტოებს ყიდულობს. პორტალი DefenseNews-ი იტყობინება, რომ უკრაინის დაზვერვის ანალიტიკოსებს პირდაპირი კავშირი აქვთ კომპანიების სპეციალისტებთან.
უკრაინაში კავშირგაბმულობას ძირითადად უზრუნველყოფს ულტრამილიარდერი ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის მიერ შექმნილი Starlink-ი, ათასობით თანამგზავრის დახმარებით. Starlink-ის მომსახურებით ეფექტიანად სარგებლობს უკრაინის არმია, უშუალოდ ბრძოლის ველზე და მათ შორის - ე.წ. მკვდარ ზონაშიც.
ექსპერტების შეფასებით, ათასობით ამერიკული თანამგზავრის ჩამოსაგდები რაკეტების მარაგი რუსეთს არა აქვს და უახლოეს პერიოდში, პრობლემებით დამძიმებული, ვერც დამზადებას მოახერხებს.
„ეს რაკეტები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებაში არ არის დანერგილი. საცდელია ჯერ... თან რამდენი ექნება? კარგი, ხუთი-ათი... ასიც რომ ჰქონდეს, ეს არაფერს შეცვლიდა“, - ამბობს დენის ალბინი.
მოსკოვი აცხადებს, რომ თუკი აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების თანამგზავრები კვლავაც გამოყენებული იქნება ომში უკრაინის მხარდასაჭერად, ეს „კვაზისამოქალაქო ინფრასტრუქტურა“ ჩაითვლება „ლეგიტიმურ სამიზნედ“ და დაექვემდებარება განადგურებას.
როცა ეს განზრახვა გაეროს გენერალური ასამბლეის განიარაღების საკითხების კომიტეტის სხდომაზე გამოამზეურა, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, კონსტანტინ ვორონცოვმა ისიც თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები, აშშ-ის თაოსნობით, „სამხედრო მიზნებით იყენებენ კოსმოსს, რათა უზრუნველყონ - თავიანთი ბატონობა, მსოფლიოსა და უსაფრთხოებაზე უარყოფითი ზეგავლენით“. ეს ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ ვებსაიტზეც იძებნება. მანამდე, მსგავსი მუქარით ვორონცოვი დაახლოებით ორი კვირის წინაც გამოვიდა.
ვაშინგტონის გაფრთხილება
თუკი რუსეთი შეეხება მათ ნებისმიერ ინფრასტრუქტურას და, ცხადია, მათ შორის - თანამგზავრსაც, აშშ აუცილებლად უპასუხებს. ამის შესახებ, თეთრი სახლის წარმომადგენელის, ჯონ კირბის განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება. დასავლური მედიასაშუალებები წერენ, რომ აშშ ამ აქტს ომის გამოცხადებად ჩათვლის. კირბის არ დაუკონკრეტებია, თუ რა საშუალებებს გამოიყენებს აშშ რუსეთის საპასუხოდ.
კონსტრუქტორი და კოსმონავტიკის საკითხების ექსპერტი, ალექსანდრ ხოხლოვი არ ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები „ვარსკვლავურ ომებს“ გააბამს რუსეთთან. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში ის ვარაუდობს, რომ ვაშინგტონი მოსკოვს უპასუხებს არა კოსმოსში, არამედ - დედამიწაზე.
„კოსმოსში დაპირისპირება პრინციპში აზრს მოკლებულია... რუსეთს არა აქვს ბევრი თანამგზავრი, რომელსაც ის სამხედრო მიზნებით იყენებს. რუსეთს 200-ზე ნაკლები თანამგზავრი აქვს... აშშ-ის შეუძლია 2-3 დღეში გაანადგუროს რუსეთის ყველა თანამგზავრი, რომლებიც სამხედრო მიზნებს ემსახურება“, - ამბობს ექსპერტი.
კოსმოსის დაბინძურება
რუსეთის ერთი წლის წინანდელი ექსპერიმენტი (საბჭოთა დროის თანამგზავრ "Космос-1408"-ის ჩამოგდება) მკაცრად გააკრიტიკეს NASA-მ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. საქმე ის არის, რომ ჩამოგდების დროს თანაგზავრის 1500-ზე მეტი ნაწილი უკონტროლოდ გაიფანტა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. იტყობინებიან, რომ კოსმონავტებს უწევდათ კოსმოსურ ხომალდში საათობით დამალვა, თანამგზავრის ნაწილებისთვის თავის ასარიდებლად. სადგურს კი მანევრირება უწევს და ბოლოს ეს 24 ოქტომბერს გააკეთა.
„მართლაც უპასუხისმგებლობაა ილაპარაკო კოსმოსში რაიმე მიზეზით რაიმეს ჩამოგდებაზე“, - ეუბნება „როიტერსს“ თანამგზავრული კავშირის ამერიკული გიგანტის, Iridium-ის აღმასრულებელი დირექტორი მეტ დეში. ის ამბობს, რომ თანამგზავრების ჩამოყრა „კოსმოსს მალე გამოსაყენებლად გამოუსადეგარს გახდის“. სააგენტო იტყობინება, რომ უკრაინაში ათობით ათასი საკომუნიკაციო მოწყობილობა სწორედ Iridium-ის სატელიტური ქსელით (IRDM.O) სარგებლობს.