Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინის ომში გამოყენებულ თანამგზავრებს ლეგიტიმურ სამიზნედ განიხილავს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთი ლეგიტიმურ სამიზნედ განიხილავს უკრაინის ომში გამოყენებულ კომერციულ თანამგზავრებს. ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და იარაღის კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კონსტანტინ ვორონცოვმა განაცხადა. რეალური სამხედრო კონფლიქტების დროს თანამგზავრი არასოდეს ჩამოგდებულა, თუმცა რუსეთმა ეს გეგმა წვრთნების დროს დაამუშავა.

ვორონცოვმა თანამგზავრების ჩამოყრის მზაობის შესახებ პირველად 12 სექტემბერს თქვა, თუმცა ის პრაქტიკულად შეუმჩნევლად დარჩა. 27 ოქტომბერს მან მუქარა გაეროს გენერალური ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე გაიმეორა, აღნიშნულია ორგანიზაციის პრესცენტრის ინფორმაციაში.

ვორონცოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კომპონენტები კოსმოსში სამხედრო მიზნებისთვის განათავსეს. „კოლეგებს, ალბათ, ბოლომდე არ ესმით, რომ ასეთი ქმედებები, ფაქტობრივად, წარმოადგენს არაპირდაპირ მონაწილეობას შეიარაღებულ კონფლიქტებში“, - თქვა რუსმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისი სიტყვებით, „კვაზისამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს საპასუხო დარტყმის „ლეგიტიმური სამიზნე“.

სამხედრო ექსპერტები უკრაინის ომში კომერციული სისტემების გამოყენებას უპრეცედენტოდ მიიჩნევენ. უკრაინის არმია ფართოდ იყენებს ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრულ სისტემას. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციისა და კონტროლისთვის გამოყენება, მათ შორის, სადაზვერვო მონაცემებისა და დრონებიდან სამიზნეების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში მისაღებად. კომუნიკაცია კომპანია Viasat-ის მიერ ხორციელდებოდა ან ხორციელდება.

აშშ უკრაინისთვის ფოტოებს ყიდულობს თანამგზავრების მფლობელი შემდეგი კომპანიებისგან: Maxar-ი, Planet Labs and BlackSky-ი. უკრაინის დაზვერვის ანალიტიკოსებს პირდაპირი კავშირი აქვთ კომპანიის სპეციალისტებთან, იტყობინება პორტალი DefenseNews -ი. ატლანტიკური საბჭოს აგვისტოს ანალიტიკურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ომის დასაწყისშივე დაიწყო ამ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ჰაკერების მეშვეობით.

რუსეთი ცდიდა თანამგზავრების საწინააღმდეგო რაკეტებს, რომლებიც ორბიტაზე მინიმუმ ერთ რეალურ თანამგზავრს ჩამოგდებდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ მოსკოვი რადიოელექტრონულ საბრძოლო მობილურ სისტემებს ცდიდა საკომუნიკაციო თანამგზავრების გასათიშად (ნამდვილ სამხედრო კონფლიქტში, ისინი, როგორც ჩანს, უკვე გამოიყენეს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ).

რუსეთის შეიარაღების პროგრამაში გათვალისწინებულია 2027 წლამდე დამრტყმელი ანტისატელიტური კომპლექსის, "Рудольф-ის" ამუშავება. 2024 წელს რუსეთმა გაუშვა თანამგზავრი Космос-2499. CNN-ის თანახმად, მისი არაოფიციალური სახელწოდებაა „კამიკაძე“ და მას შეუძლია სხვა თანამგზავრების ჩამოყრა მათი ორბიტის შეცვლით.

ერთი თანამგზავრის განადგურებას შესაძლოა, მოჰყვეს ორბიტაზე ნამსხვრევების მტვრის ღრუბლის წარმოქმნა, რომელიც დააზიანებს ამ ორბიტაზე არსებულ ყველა აპარატს.

აპრილში შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად აიღო ვალდებულება, არ გამოცადოს ანტისატელიტური იარაღი და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, შეუერთდნენ მას. გერმანია, კანადა, ახალი ზელანდია და იაპონია ნებაყოფლობით უკვე შეუერთდნენ მოწოდებას.

XS
SM
MD
LG