Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა გვენეტაძის თქმით, რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრაციამ ფასების ზრდას შეუწყო ხელი


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ, ქვეყანაში ფასების ზრდას შეუწყო ხელი. ინფლაციის შესამცირებლად ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას იყენებს, რაც ასევე ნიშნავს ათასობით სესხზე მაღალ პროცენტს.

"რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა... რა თქმა უნდა, პირველი ტალღა, შემოსვლა რუსეთიდან და ბელორუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე, გაზრდილი მოთხოვნის გამო, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, არა ერთადერთი... მაგალითად, როდესაც ბინის ქირის ფასი გაიზარდა, მოთხოვნის გამო, ამან უკვე 1-1,5 პროცენტით ინფლაციაზეც იმოქმედა", - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე მუდმივად უსვამს ხაზს თავისი გუნდის მუშაობას.

"მე ვფიქრობ, კარგი მონაცემები გვაქვს, მით უფრო იმ ფონზე, როცა ევროპის კონტინენტზე დამანგრეველი ომია უკრაინაში, რუსეთის აგრესია არ წყდება, ამას ემატება ენერგოკრიზისი, ინფლაცია, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25 პროცენტს გადასცდა ინფლაცია. ეკონომიკურ რეცესიას მოელის ყველა ევროპული სახელმწიფო, მათი მოლოდინი პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება და ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე.

ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები", - თქვა პრემიერ-მინისტრმა 30 სექტემბერს.

2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში 11,5 პროცენტი იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება.

XS
SM
MD
LG