ისრაელი უკრაინას არ მიაწვდის შეიარაღებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ამის შესახებ 19 ოქტომბერს განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა. გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ კიევი ისრაელს ოფიციალურ მოთხოვნას გაუგზავნის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე.
კულებამ კერძოდ აღნიშნა, რომ ისრაელისადმი მტრულად განწყობილი ირანი რუსეთს აწვდის მოიერიშე დრონებს და გამოთქვა ვარაუდი, რომ „დადგა დრო, ისრაელი ღიად დადგეს უკრაინის მხარეს“.
როგორც განცმა განაცხადა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე, ისრაელი „სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრების გამო“ არ მიაწვდის უკრაინას იარაღს. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ისრაელმა კიევს შესთავაზა შექმნას საჰაერო იერიშების ადრეული შეტყობინების სისტემა - იმის ანალოგიური, რასაც თავად ისრაელი იყენებს. ამ სისტემის წყალობით, როგორც წესი, ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიშებისას ხალხი ასწრებს საფრებში თავის შეფარებას.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ისრაელი განაგრძობს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას და მისთვის სამედიცინო და დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას, იტყობინება გაზეთი Haaretz-ი.
როგორც იუწყებიან, ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი კულებას შეხვდება, რათა განიხილოს კიევის მოთხოვნები. მაგრამ, მედიის წყაროების თანახმად, ისრაელი დიდი ალბათობით არ შეცვლის პოზიციას. ამასთან, მინისტრთა კაბინეტში ამ საკითხზე არ არის ერთიანობა. კერძოდ, დიასპორის საკითხების მინისტრი ნაჰმან შაი ახლახან გამოვიდა მოწოდებით, უკრაინას იარაღი მიეწოდოს.
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც თბილი ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ეწინააღმდეგება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. მისი მთავარი არგუმენტია ის, რომ რუსეთის მიერ მისი ხელში ჩაგდების შემთხვევაში ისრაელის იარაღი ირანის ხელში შეიძლება მოხვდეს.
1 ნოემბერს ისრაელში ქნესეთის არჩევნები გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, ლიდერობს ნეთანიაჰუს პარტია.