Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე "აჟიოტაჟს" უწოდებს დევი მეზურნიშვილისა და 13 წლის ლაზარეს ფოტოებზე გამოხმაურებას


ფოტოკოლაჟი: თბილისის მერის შეხვედრა დევი მეზურნიშვილთან და 13 წლის ლაზარესთან
ფოტოკოლაჟი: თბილისის მერის შეხვედრა დევი მეზურნიშვილთან და 13 წლის ლაზარესთან

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. მან თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს".

მთავრობის სხდომაზე მან ასევე ისაუბრა იმ გამოხმაურებაზე, რომელიც დენის დარტყმით დაშავებული 13 წლის ლაზარესა და ვაკის პარკის მებაღესთან შეხვედრის ამსახველი ფოტოების გავრცელებას მოჰყვა.

"რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის, დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია - ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ მოვინახულებ; მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა; აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი; მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა - თითოეულ ექიმს, ექთანს, ყველა ადამიანს.

აქვე, ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი ნახვა და ამ დღეებში მასაც აუცილებლად ვესტუმრები", - თქვა კალაძემ.

მებაღე დევი მეზურნიშვილი კალაძემ თბილისის მერიაში მიიღო, ფოტოები კი მისი პრესსამსახურის თანამშრომლებმა გაავრცელეს. რაც შეეხება 13 წლის ლაზარეს, ის თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ნათესავია - კალაძესთან შეხვედრის ფოტოები თავად ბავშვის სოციალური ქსელით გავრცელდა.

სოციალურ ქსელებში ამ ფოტოების გავრცელების გამო კალაძეს აკრიტიკებდნენ, მას პოპულისტად და ტრაგედიის მანიპულატორად მოიხსენიებდნენ.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

XS
SM
MD
LG