Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიელი და ჰოლანდიელი გამომძიებლები: რუსეთის 17 დიპლომატი ნიდერლანდებში ჯაშუშობით იყო დაკავებული


რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შენობა, 2016 წელი
რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შენობა, 2016 წელი

მარტის ბოლოს ნიდერლანდებიდან გაძევებული 17 რუსი დიპლომატი ეწეოდა სადაზვერვო საქმიანობას, მათ შორის, აგროვებდა ინფორმაციას კომპიუტერული ჩიპების შესახებ რუსული არმიისთვის.

ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდის გამოცემების NOS-ისა და Nieuwsuur-ის გამოძიებებში, რომლებიც ბელგიურ გაზეთთან, De Tijd-თან თანამშრომლობით განხორციელდა.

როგორც კვლევაში მონაწილეები ამტკიცებენ, რვა დეპორტირებული რუსი მუშაობდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში, კიდევ ცხრა - სამხედრო დაზვერვის სამსახურში (გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო, ცნობილი, როგორც "გრუ"). ამასთან, ისინი მუშაობდნენ ამსტერდამსა და ჰააგაში, რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობაში, საელჩოსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აპარატში ჰააგაში.

ჯერჯერობით დეტალები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რაში იყვნენ ისინი ეჭვმიტანილი ნიდერლანდების ხელისუფლების მხრიდან, არ გავრცელებულა. გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდების სპეცსამსახურებმა, დიდი ალბათობით, წლების განმავლობაში იცოდნენ, ვინ იყო ჯაშუში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს შორის, მაგრამ ბოლო დრომდე თავს იკავებდნენ დეპორტაციისგან, რადგან ამას მოჰყვებოდა ჰოლანდიელი დიპლომატების გაძევება რუსეთიდან.

თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპის კავშირის ქვეყნებმა 200-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს ჯაშუშურ საქმიანობაში მონაწილეობის საბაბით. გამოცემები ასახელებენ ერთ-ერთი გაძევებულის, სერგეი პიატნიცკის, ვინაობას. მათი ვარაუდით, მის დეპორტაციას პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის გაშიფვრის სამსახურისთვის იყო პასუხისმგებელი რუსეთის საელჩოში. მთლიანობაში, ექვსი ასეთი სპეციალისტი იქნა გაძევებული. დანარჩენი 11, მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას "ცენტრს" გადასცემდა და აგენტურასთან მუშაობდა. ორი მათგანი, სავარაუდოდ, ცდილობდა ჰოლანდიური დაზვერვისა და ნიდერლანდში მოქმედი უცხოური სპეცსამსახურების თანამშრომელთა გადაბირებას, ისინი უთვალთვალებდნენ რუსეთის საელჩოს სხვა თანამშრომლებსაც.

რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე, როგორც იტყობინებიან, აგროვებდა ინფორმაციას კომპიუტერული ჩიპების შესახებ. რუსეთის ხელისუფლებას გამოძიებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთის ქვეყნებიდან დიპლომატიური პერსონალის გაძევების ყველა შემთხვევას გმობს. რუსეთი, როგორც წესი, საპასუხოდ აძევებს დასავლელ დიპლომატებს.

XS
SM
MD
LG