დღეს დილიდან საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის ოლქების და ქალაქების დიდ ნაწილში. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს კიევზეც. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესმდივნის, სვეტლანა ვოდოლაგას ინფორმაციით, კიევში არიან დაღუპულები და დაჭრილები. მათი რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის.
უკრაინის ტერიტორიაზე დღევანდელ ინტენსიურ შეტევას წინ უძღოდა აფეთქება ანექსირებული ყირიმის ხიდზე. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების ორგანიზებასა და განხორციელებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.