Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერჰი ჟადანი: არ გვინდა მსოფლიოსთვის დავრჩეთ უბრალოდ რუსეთთან ახლოს მდებარე ქვეყნად


სერჰი ჟადანი, უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი და მუსიკოსი
სერჰი ჟადანი, უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი და მუსიკოსი

ცნობილი უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი და მუსიკოსი სერჰი ჟადანი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან არის ხარკოვში მოხალისედ, ოდესის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, გერმანიიდან ჩაერთო, სადაც მისი ბენდი მორიგი საქველმოქმედო კონცერტით იყო წასული. ფული, რომელიც ამ კონცერტებიდან შემოდის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხმარდება.

სერჰი ჟადანთან საუბარს ქართველი პოეტი და მთარგმნელი, რატი ამაღლობელი უძღვებოდა. მან თავის კოლეგას ჰკითხა, რა ხდება დღეს ხარკოვში და რას აკეთებს თავად ჟადანი, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩანს ფეისბუკზე, ხარკოვის ამბებს ყვება და ადგილობრივ მოსახლეობას და უკრაინის ჯარს ეხმარება.

სერჰი ჟადანი და რატი ამაღლობელი
სერჰი ჟადანი და რატი ამაღლობელი

- რამდენიმე დღეა არ ვართ ხარკოვში, თუმცა მანამდე ქალაქში დიდი ლიტერატურული ფესტივალი ჩავატარეთ. ეს ძალიან უცნაური გამოცდილებაა, როცა ფესტივალი ტარდება იმ ქალაქში, რომელიც იბომბება. დიახ, ხარკოვი ისევ რეგულარულად იბომბება, მუდმივად არის ნგრევა და მუდმივად არიან დაღუპულები, დაჭრილებიც. მაგრამ ჩვენ მაინც ისე ჩავატარეთ ეს ფესტივალი, როგორც ვხედავთ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას გამარჯვების შემდეგ. მთელი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ აქ მწერლები და მუსიკოსები. ძალიან განსაკუთრებული ამბავია, როცა მშვიდობიანი მოსახლეობის გვერდით მეომრებიც არიან, ფესტივალის მერე კი ისინი პოზიციებს უბრუნდებიან. და ეს მაშინ, როცა 30-40 კილომეტრი გვაშორებს საზღვარს. რუსეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა უკან დაიხიეს, საფრთხე მაინც რჩება. ჩვენ ახლა მოხალისეობით ვართ დაკავებული, ვეხმარებით ხალხს და უკრაინულ ჯარს და შიგადაშიგ ვაკეთებთ კულტურულ ღონისძიებებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ომის დროს ისმოდეს კულტურის ხმა. ამასწინათ ბავშვების ნახატების გამოფენა მოვაწყვეთ, სარდაფში გვქონდა სტუდია - გასაოცარი ნახატები დახატეს, ძალიან ნათელი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაბომბვისას იქმნებოდა.

- მართლაც ძალიან საინტერესო გამოცდილებას იძენთ.

- სინამდვილეში, ეს გამოცდილება ძალიან ზღვარზეა. ეს ყველაფერი სისხლიანი ამბების ფონზე ხდება. ამ ომში ბევრი ახლობელი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა, ეს ნამდვილი ომია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ - ჩვენს თავს არ ვკარგავთ და უარს არ ვამბობთ ჩვენს ფასეულობებზე, რაც ომამდე იყო მნიშვნელოვანი. ჰო, ეს უცნაური გამოცდილებაა, როცა ძალიან ბევრ ადამიანს იცნობ. თუმცა,ხარკოვი ბევრმა დატოვა და ახლა აქ ცოტა ხალხია... მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ხარ ქალაქში, სადაც მუდამ დაგიჭერენ მხარს, თითქოს დაცულ ქალაქში ხარ. დიახ, ხარკოვი - დღეს არის ქალაქი ციხესიმაგრე, ეს არის პირველი ციხესიმაგრე, უკრაინის ერთგვარი ფორდპოსტი, რომელიც გარშემორტყმული იყო რუსების მიერ. ეს არის ქალაქი, რომელიც მზადაა შეხვდეს მტერს და წინააღმდეგობა გაუწიოს მას.

სერჰი ჟადანი პოეზიის ფესტივალზე, 2019 წელი
სერჰი ჟადანი პოეზიის ფესტივალზე, 2019 წელი

- სერჰი, ერთი შეხედვით რთულია დაუპირისპირდე ტყვიებს პოეზიით, მაგრამ თან, ამ ომში ისიც ჩანს, რომ პოეზიას, ლიტერატურას აქვს ძალა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ფუნქციური ძალა აქვს ამ მძიმე დროს ლიტერატურას, პოეზიას?

- უკრაინაში ამ თემაზე სხვადასხვა აზრი არსებობს - არის აზრი, რომ კულტურამ პაუზა უნდა აიღოს და გაჩერდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არაფრით არ შეიძლება, რადგან კულტურა - ეს არ არის გართობა - ეს ფასეულობების, იდენტობის ამბავია. ეს არის ის, როგორც ვგრძობთ ჩვენ თავს და როგორ წარმოვაჩენთ თავს. დიახ, პოეტები არ იგებენ ომს, ეს გასაგებია, მათ არ შეუძლიათ გააჩერონ დაბომბვა და ვერც ერთი საუკეთესო სონეტი ვერ დაიცავს ისე, როგორც ჯავშანჟილეტი, მაგრამ ქვეყანა, სადაც არ არიან პოეტები, ვერ გაიმარჯვებს, რადგან პოეზია არის თავისუფლების ძალის გამოვლინება, სიყვარულის გამოვლინება, ენის ძალის ყველაზე მაღალი გამოვლინება - ეს არის კულტურული კოდი.

- ამ ხნის განმავლობაშიც, ეს პროცესი, შექმნის და წერის არ შეჩერებულა უკრაინაში.

- დიახ, მთელი ამ რვა თვის განმავლობაში ისევ გრძელდება სიმღერების შექმნა, იწერება ლექსები, პროზა. ჩვენ ასე ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს პროცესი. ჩვენ გვესმის რის გამო ვიბრძვით - არა პოლიტიკური ამბიციებისთვის და არც იმიტომ, რომ ვიღაც გვეზიზღება, პუტინი ან სხვა ვინმე - ჩვენ ვიბრძვით იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. თუ არ დავიცავთ თავს, გაგვანადგურებენ და ვეღარ ვიარსებებთ როგორც ქვეყანა, როგორც ერი. პოეზიაში კი იკითხება და დევს ეს ჩვენი კოდი. დიახ, კულტურა ვერ შეაჩერებს ომს, მაგრამ კულტურის გარეშე, ხალხი ძალიან სუსტად გრძნობს თავს. რადგან ჩნდება ვაკუუმი, რომელიც შიშით და სასოწარკვეთით ივსება. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ და ეს განსაკუთრებით აუცილებელია აქ, ხარკოვში- ხალხისთვისაც და მეომრებისთვისაც. მათ უნდა იგრძნონ, რომ მათ ზურგს უკან დგანან არა შეშინებული, არამედ ძლიერი ადამიანები, რომლის იმედიც შეიძლება ყველას ჰქონდეს.

- თქვენ თუ წერდით ომის დაწყების დღეებში?

- კარგად მახსოვს თებერვლის ბოლო და მარტის დასაწყისი, როცა აქ სრული ქაოსი იყო. როცა დონბასში მიმდინარე ლოკალური ომი უცებ გახდა ტოტალური და თითქოს რაღაცამ სუნთქვა შეგვიწყვიტა, თითქოს ხმამაღლაც ვეღარ ვლაპარაკობდით. ომის დროს ძალიან ძნელია იპოვო სიტყვები და ვერც მე ვწერდი თავიდან ვერაფერს. ვერც ვკითხულობდი. საერთოდ, ვერანაირი ლოგიკით ვერ ვაგებდი ტექსტებს. ამას დრო დასჭირდა. ახლა ჩვენ მეტი თავდაჯერებულობა გვაქვს და თან ისეთი სიწყნარე, რომელიც არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. თუმცა, ახლა, ჩვენ ვიწყებთ სიტყვების მოძებნას, ჩვენი ემოციების გამოსახატად.

სერჰი ჟადანი ოდესის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე
სერჰი ჟადანი ოდესის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

- თქვენ ნობელის პრემიაზე იყავით წარდგენილი, ამაზეც მინდა გკითხოთ, როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება ამ ნომინირების მიმართ.

- მე ეს ამბავი აღვიქვი თავიდანვე სოლიდარობის გამოხატვად უკრაინული ლიტერატურის მიმართ და ამისთვის ჩემი წარმდგენების, პოლონელი კოლეგების ძალიან მადლობელი ვარ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ჩვენ გვიცნობდეს არა მხოლოდ პოლიტიკის ჭრილში, არამედ გაისმას ამ ქვეყნის ხმა, სადაც 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის არ დარჩეს რაღაც ნაცრისფერ ქვეყნად რუკაზე, რომელიც უბრალოდ რუსეთთან ახლოს მდებარეობს. ჩვენ არ გვინდა, რომ როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანას ისე გვიყურებდნენ და ეს უნდა გადავტეხოთ ყველა შესაძლებლობით. რაც შეეხება ნობელს, ვფიქრობ, რომ ეს წინ გვაქვს უკრაინელ მწერლებს.

სერჰი ჟადანმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ამცნო თავის მკითხველს ახალი წიგნი-დღიურების, „ცა ხარკოვის თავზე“ გამოსვლა, ამბობს, რომ უკრაინა დღეს იცავს თავის მომავალს, მათ სურთ რუსები განდევნონ თავისი ტერიტორიიდან ისე, რომ ისინი უკან აღარ დაბრუნდნენ. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ამბობს ჟადანი, მათ უნდა დაიმახსოვრონ, რომ „უკრაინა არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ხარკოვი არის დამოუკიდებელი ქალაქი“.

ქართულ ენაზე სერჰი ჟადანის ლექსების გარდა ნათარგმნია მისი სამი რომანი „მესოპოტამია“, „ვოროშილოვგრადი“და „ინტერნატი“

ოდესის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში,რომელიც წელს ბათუმში ტარდება, სერჰი ჟადანის გარდა, სხვა ცნობილი უკრაინელი ავტორებიც მონაწილეობენ,მათ შორის, იური ანდრუხოვიჩი, ჰალინა კრუკი, ოსტაპ სლივინსკი, დმიტრო ლაზუტკინი, ოლეჰ კოცარევი, ია კივა, არტ ანტონიანი,სერჰიოსოკა და ჰალინა ვდოვიჩენკო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG