Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 მარტის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში 16 საჯარო მოხელე ამხილა - კაციტაძე


კოკა კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
კოკა კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი

ექვს თვეში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში 16 საჯარო მოხელე ამხილა. ეს სტატისტიკური მონაცემები უწყების ხელმძღვანელმა კოკა კაციტაძემ სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასებისას გააჟღერა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შემდეგ, 1 მარტს შეიქმნა.

კაციტაძის თქმით, სისხლის სამართლის 246 საქმე აღიძრა და სისხლისსამართლებრივი დევნა 34 შემთხვევაზე დაიწყო, მათგან 18 შემთხვევაში დანაშაულში მოქალაქე ფიგურირებდა.

ამ დროის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის 9 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, პასუხისგებაში მიეცა 6 ადამიანი.

კანონი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა შეიქმნა, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. კანონპროექტის ინიციირებისას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იყო. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მან მედიიდან შეიტყო.

ნაჩქარევად მიღებული კანონით, 1 მარტს თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში მოქმედი კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

XS
SM
MD
LG