ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.
მისი სიტყვებით, მოსკოვი და სოხუმი „მივიდნენ ურთიერთგაგებამდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ტექსტში თეზისის ასახვა მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის შეუძლებლობის შესახებ“. „სახელმწიფოს მეთაურისთვის ამ თემაზე ანგარიშს ვამზადებ, მედიას დროულად შევატყობინებთ“, - განაცხადა მან.
არძინბამ აღნიშნა, რომ რომელიმე სხვა მხარისთვის, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გარდა, ობიექტის გადაცემაზე საუბარი ჭორია.
მას კომენტარი სთხოვეს „პიატნაშკის“ ბატალიონის მეთაურის, ახრა ავიძბას სიტყვებზეც.
„მრცხვენია კიდეც ამის კომენტირება, ჭორების გამავრცელებლებს თავიანთ სიტყვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ“, - განაცხადა არძინბამ.
რუსეთის მხარეს დონბასში მებრძოლი „პიატნაშკის“ ბატალიონის მეთაურმა ახრა ავიძბამ, რომელიც გასულ კვირაში დაბრუნდა აფხაზეთში, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიჭვინთაში მდებარე"სახელმწიფო აგარაკის" კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს ქვედანაყოფის მებრძოლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან და იბრძოლებენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ხოლო ვინც ამას მიიღებს, მტრებად ჩაითვლებიან.
დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი.
შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება. შეთანხმების საგანია ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე "კაგებეს" მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის, გადაცემის საკითხსაც.
აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი „საკანონმდებლო ორგანოდან“ უნდა გაიწვიონ.