ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქ პრაღაში 7 ოქტომბერს მუშაობას იწყებს ევროკავშირის სამიტი, რომლის დღის წესრიგშია რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირის წინაშე მდგარი ენერგეტიკული და ეკონომიკური გამოწვევები. სამიტის წინ, 6 ოქტომბერს კი პირველად გაიმართება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლიდერთა შეხვედრა, რომელშიც ევროკავშირის 27 წევრის გარდა, მიწვეულია 17 ქვეყანა, გარდა ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთისა და ბელარუსისა. ამ შეხვედრას დაესწრება საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც სამიტის პრესრელიზშია აღნიშნული, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომით გამოწვეული დრამატული შედეგების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერები ევროპის კონტინენტზე მდებარე ქვეყნების დაახლოების მიზნით, 2022 წლის ივნისში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე შეთანხმდნენ. ამ გაერთიანების მიზანს მშვიდობისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური ვითარების, ენერგეტიკის, კლიმატისა და მიგრაციის საკითხების გარშემო მსჯელობისთვის საერთოევროპული პლატფორმის შექმნა წარმოადგენს. ამასთან, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრის შემდეგ არავითარი წერილობითი დოკუმენტი არ იქნება მიღებული.