აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 4 ოქტომბერს განაცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია მედიაში გავრცელებული ცნობების დასადასტურებლად, თითქოს რუსეთი ემზადება უკრაინის ბრძოლის ველზე ან მის სიახლოვეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლორა კუპერის თქმით, იგი გაეცნო მხოლოდ "ღია წყაროების ცნობებს" იმაზე, რომ რუსეთი, შესაძლოა, რკინიგზით ახორციელებდეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადაადგილებას. მისი თქმით, თავად აშშ-ის არმიას არ აქვს ცნობები იმისთვის, რომ შეცვალოს საკუთარი ბირთვული პოზიციები.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა, 4 ოქტომბერს ამ საკითხზე დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ აშშ-ს არ აქვს მიზეზი თავისი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შესაცვლელად, "და არც იმის მიმანიშნებელი რამ გვინახავს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად".
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის ესკალაცია მოახდინა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით, უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსირების პროცესით და განცხადებით, რომ დაიცავს რუსეთის ტერიტორიას "ყველა საშუალებით, რაც კი გაგვაჩნია", მათ შორის ბირთვული იარაღით.
აშშ-ის წარმომადგენელთა განცხადებები მოჰყვა გამოცემა Times-ში 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ცნობებს, რომ პუტინი ბირთვული გამოცდის ჩატარებას გეგმავს უკრაინის საზღვარზე. გამოცემა იუწყებოდა, რომ ნატომ ამ გამოცდის შესახებ თავისი წევრები გააფრთხილა.