დონეცკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ ლიმანის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას ასევე ხერსონის მიმართულებით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის მოწინავე ნაწილებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს სოფელ ზოლოტა ბალკაში, საოკუპაციო ძალებისგან გაათავისუფლეს ასევე მიროლიუბოვკა და მიხაილოვკა.
ხარკოვის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე სოფელ ბოროვაიაზე. ისევე როგორც წინა კონტრშეტევითი ოპერაციების დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თითქმის ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევენ რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილები, რომლებსაც ტაქტიკაშიც უჭირთ, შეიარაღებაშიც და მოტივაციაშიც.
„პრინციპში ტაქტიკა ერთია: თავდაპირველად მიდის დაზვერვა, მტრის კოორდინატებს ვიგებთ, მერე მუშაობს უკვე მძიმე არტილერია, მათ შორის ყველაზე შედეგიანია HIMARS-ების სისტემა და შემდეგ უკვე [მტრის პოზიციაზე] დაზვერვითი პატარ-პატარა ჯგუფები, მობილური ჯგუფები შედიან, უშუალოდ ხდება დაზვერვა და მერე ხორციელდება სწრაფი შეტევა, რაშიც ერთვება მთელი შეიარაღებული ძალა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავიდან, ერთი-ორი თვის წინ [უკრაინელები] ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის იარაღის საწყობებსა და შტაბებს, ორი თვის თავზე კი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა მიმდინარეობს“, - უყვება რადიო თავისუფლებას „კავკასიის ლეგიონის” მეთაური, ლადო გამსახურდია.
„რუსეთის ჯარებს ფრონტი დაეშალათ“
მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიის მობილურმა სადაზვერვო ჯგუფებმა მტრის ზურგში არაერთი ლოგისტიკური ცენტრი, იარაღის საწყობი და შტაბი გაანადგურეს, რუსეთის საოკუპაციო ჯარი საბრძოლო მასალის ოპერატიული მომარაგების მხრივ სერიოზულ პრობლემას წააწყდა და უკრაინის არმიისგან განსხვავებით, შეზღუდულად იყენებს „ომის ღმერთად“ მონათლულ არტილერიას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მტრის ძალების გამოფიტვაზე მიმართულმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალების სტრატეგიამ - იარაღის საწყობებზე, ლოგისტიკაზე, რუსეთის ძალების მართვის პუნქტებზე წერტილოვანმა იერიშებმა - განაპირობა ის, რომ ისინი კარგავენ არტილერიაში აუცილებელ უპირატესობას. იმის გამო, რომ საწყობებს უფეთქებენ, მათ არ აქვთ დრო, რომ შეავსონ დანაკარგები. და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინის ძალების წარმატებული მანევრი, რაც მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა რუსეთის სამხედრო ძალებისთვის - კონტრშეტევა ხარკოვის მიმართულებით და მისი შემდგომი განვითარება დონეცკის მიმართულებით. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ იმ გამაგრებულ ადგილებშიც კი, სადაც რუსული ჯარები ცდილობდნენ თავდაცვის ორგანიზებას (საუბარია ლიმანზე, სადაც ისინი საკმაოდ კარგად იყვნენ გამაგრებული თავდაცვითი მოქმედებების საწარმოებლად), - ეს მათ რეალურად ვერ დაეხმარა. რუსეთის ჯარებს ფრონტი დაეშალათ სვიატოგორსკის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, რამაც შესაძლებლობა მისცა უკრაინის ჯარებს, რომ ამ მიმართულებით რეალურად ალყაში მოექციათ რუსული დაჯგუფება“, - ამბობს ალექსანდრ მუსიენკო, უკრაინის სამხედრო-სამართლებრივი კვლევების ცენტრის ექსპერტი.
ჯერჯერობით რუსეთის არმიას აქვს უპირატესობა სამხედრო ავიაციის მხრივ, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინას დასავლეთის დახმარებით ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემები გაუჩნდა, რუსეთის ავიაციის დანაკარგები დღითი დღე იზრდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 266 ერთეული სამხედრო თვითმფრინავი და 228 ერთეული სამხედრო შვეულმფრენი დაკარგა. რუსეთი ამ დანაკარგებს არ აღიარებს, მაგრამ ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინის დამცველებს ამ რიცხვებში ეჭვი არ ეპარებათ, რადგან რუსული ავიაციის ზემოქმედებას სულ უფრო და უფრო ნაკლებად განიცდიან.
„მე ვერ დავინახე რუსეთის ავიაცია იქ, სადაც ჩვენი „კავკასიური ლეგიონი“ ვიბრძოდით ნიკოლაევის მიმართულებაზე. ერთადერთი, რაც მე დავინახე, ეს იყო შვეულმფრენი, რომელიც ფრინდებოდა ფრონტის ხაზიდან შორს, რამდენიმე ჭურვს გაისვრიდა და ისევ ჯდებოდა. იმდენად ეშინოდათ, რომ არ დაეკარგათ ის შვეულმფრენიც, რომ ასე მუშაობდა. მანამდე რუსულმა ავიაციამ ჩვენ ლეგიონის შტაბი დაგვიბომბა. მაგრამ, დაბომბა როგორ - ორი ჭურვი ჩამოაგდო ეზოში და თავად შენობას არ მოხვდა, ყველანი გადავრჩით და ყველანი კარგად ვართ. ეს მე ვამბობ ჩვენს მიმართულებაზე, სადაც ჩვენ ვიდექით, მაგრამ სხვაზე ვერ ვიტყვით. საერთო სურათი ისე ჩანს, რომ პრინციპში რუსეთის ავიაცია ძალიან მოიკოჭლებს და არ არის ისეთი ნაქები, როგორც რუსები აცხადებენ“, - ამბობს ლადო გამსახურდია.
ამ ფონზე სულ უფრო აქტიურად მოქმედებს უკრაინის ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ძალები.
გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის არმიის ავიაციამ განახორციელა 22 დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის 3 საყრდენი პუნქტის, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 16 ადგილის და 3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განადგურება. მფრინავების ამ მონაგარს, სარდლობის ცნობითვე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა დაუმატეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 12 ადგილი, საბრძოლო მასალების 2 საწყობი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტი.
„უკრაინელებს აქვთ მოტივაცია, რუსებს კი არ აქვთ - არანაირი მოტივაცია“
და ამ ფონზე რუსეთში გრძელდება ვლადიმირ პუტინის ხელმოწერილი ბრძანებით დაწყებული ნაწილობრივი მობილიზაცია.
„ჩვენი სამშობლოს დასაცავად, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი ხალხის და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე (უკრაინის) ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროდ მიმაჩნია მხარი დავუჭირო თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წინადადებას, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარების შესახებ“, - განაცხადა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებაზე ხელმოწერის დროს ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პროპაგანდისტული მედია უკვე გადასცემს სიუჟეტებს, რომლის თანახმად მთელი რუსეთის მასშტაბით უკვე მობილიზებულია 200 ათასი სამხედრო სპეციალობის მქონე მოქალაქე, რომლებსაც სამხედრო ინსტრუქტორები სამხედრო პოლიგონზე სპეციალურ მომზადებას უტარებენ უკრაინაში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლი სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) ზონაში გაგზავნის წინ.
დასავლეთმა სასოწარკვეთად და შემდგომი ესკალაციის ნიშნად აღიქვა პუტინის მობილიზაციის გეგმა. უკრაინის თავდაცვისათვის მებრძოლები კი მიიჩნევენ, რომ სასწრაფო წესით მობილიზებული რეზერვისტების დიდი რაოდენობით ჩაყვანა ბრძოლის ველზე სურათს ვერ შეცვლის და უკრაინის არმია გააგრძელებს შემდგომ კონტრშეტევებს რუსეთის მიერ მიტაცებული მიწების გასათავისუფლებლად.
„პრინციპში რაოდენობა დიდად არაფერს არ ცვლის. მთავარი ომში არის ხარისხი - იარაღისა და სამხედრო ძალის ხარისხი, რომელიც წყვეტს ყველაფერს. და კიდევ უფრო მთავარი ის არის, რომ უკრაინელებს აქვთ მოტივაცია, რუსებს კი არ აქვთ - არანაირი მოტივაცია. ფინანსურად და მატერიალურადაც კი რუსეთი სამხედროებს ისე ვერ უზრუნველყოფს, როგორც უკრაინა. ეს ერთი. მეორეც - უკრაინელებს აქვთ მორალური უპირატესობაც, რადგან ისინი თავიანთ მიწა-წყალს იცავენ, რუსეთის ჯარი კი საოკუპაციო ჯარია და არა მგონია, რომ საოკუპაციო ჯარში ყოფნა მოტივაციას აძლევდეს ვინმეს, მით უფრო, რუსეთში ფედერაციის სუბიექტებად შემავალ ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლებს. პირიქით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავი აარიდონ ამ მობილიზებას და სამხედრო დანაშაულში არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი“, - ამბობს ლადო გამსახურდია.
გარდა ამისა, ლიმანის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-20 არმიის ნაწილებმა საკმაოდ დიდი დანაკარგის ფასად შეძლეს ალყიდან თავის დაღწევა.
„ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-20 არმია, რომელიც ძალიან ინტენსიურად ემზადებოდა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის და საბრძოლო მოქმედებების ზონაში უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის ლამის დასაწყისიდანვე იმყოფება, - ამ მე-20 არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ფრთა ფაქტობრივად განადგურებულია. მან მარცხი განიცადა ჯერ კუპიანსკისა და იზიუმის რაიონებში, ამ რკალზე. ამის შემდეგ, საბოლოო მარცხი იწვნია ლიმანის რაიონში. და პრინციპში, ამ არმიის საბრძოლო ბირთვი ფაქტიურად განადგურებულია“, - ამბობს უკრაინელი ექსპერტი ალექსანდრ მუსიენკო, რომლის ნათქვამსაც მრავალი რუსი სამხედრო კორესპონდენტი და პუტინთან დაახლოებული ბიზნეს- თუ პოლიტელიტის წარმომადგენლებიც ხმამაღლა ადასტურებენ.
სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში ზედიზედ განცდილი მარცხის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინაში საომრად ქვედანაყოფებს ციმბირიდან და სირიიდანაც გაგზავნის. რუსეთის არმიის სარდლობის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საკუთარი წყაროებით უკრაინის გენერალურმა შტაბმა მიიღო.
გარდა ამისა, რუსეთის საოკუპაციაო ძალები საკომპენსაციოდ ცდილობენ წარმატების მიღწევას ბახმუტის მიმართულებით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა და 100-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზარალდა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის, დონეცკის ოლქში მდებარე ბელოგოროვკა, ზაიცევო, მარიინკა და ბახმუტი.
რუსეთის ძალები ქალაქში შეღწევას აგვისტოს ბოლოდან ცდილობენ, დონბასის რეგიონზე კონტროლის გაფართოების მიზნით. მაგრამ სამხედრო დაგეგმარებისა და ლოგისტიკის მხრივ არსებული პრობლემების გამო, ბახმუტის დაკავებას ვერ ახერხებენ.