უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა და 100-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზარალდა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის, დონეცკის ოლქში მდებარე ბელოგოროვკა, ზაიცევო, მარიინკა და ბახმუტი. უკრაინული სარდლობის ცნობით, სხვა მიმართულებებით, ათეულობით დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგე იყენებდა ტანკებს, ნაღმმტყორცნებს და არტილერიას.
გენერალური შტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქვედანაყოფების შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის 7 დასახლებულ პუნქტთან.
გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის არმიის ავიაციამ განახორციელა 22 დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის 3 საყრდენი პუნქტის, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 16 ადგილის და 3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განადგურება. სარდლობის ცნობითვე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 2 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 12 ადგილი, საბრძოლო მასალების 2 საწყობი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიის სარდლობამ გადაწყვიტა, საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადაიყვანოს გვარდიის ქვედანაყოფები ციმბირის სამხედრო ოლქიდან და სირიაში დისლოცირებული რუსული სამხედრო კონტინგენტი.