შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იკლებს რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოდიან. ამის საილუსტრაციოდ უწყება 28 და 29 სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩანს, რომ ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობას შემომსვლელთა რიცხვი აღემატება.
- 28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე;
- 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 6109 და გავიდა 5186 მოქალაქე.
შსს-ს არ გამოუქვეყნებია 27 სექტემბრის მონაცემები.
"სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალში" სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა", - აცხადებენ შსს-ში.
სტატისტიკა შსს-მ 27 სექტემბერსაც გამოაქვეყნა. მონაცემებში გამოჩნდა, რომ მობილიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე ტოვებდა, ვიდრე შემოდიოდა.
მობილიზაციის გამოცხადებამდე:
- 17 სექტემბერს შემოვიდა - 6986, გავიდა - 7406;
- 18 სექტემბერს შემოვიდა - 6606, გავიდა - 6743;
- 19 სექტემბერს შემოვიდა - 6411, გავიდა - 6782;
- 20 სექტემბერს შემოვიდა - 5603, გავიდა - 6199.
მობილიზაციის გამოცხადებამდე, 17-20 სექტემბრის პერიოდში, სულ შემოვიდა 25 606 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 27 130.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ:
- 21 სექტემბერს შემოვიდა - 6402, გავიდა - 6011;
- 22 სექტემბერს შემოვიდა - 6150, გავიდა - 6050;
- 23 სექტემბერს შემოვიდა - 9307, გავიდა - 6214;
- 24 სექტემბერს შემოვიდა - 9330, გავიდა - 6249;
- 25 სექტემბერს შემოვიდა - 11 143, გავიდა - 5519;
- 26 სექტემბერს შემოვიდა - 10 804, გავიდა - 4947.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21-26 სექტემბრის პერიოდში, სულ შემოვიდა 53 136 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 34 990.
21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.