თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მეტროს სადგურ "სადგურის მოედანზე", ხაზებს შორის გადასასვლელში მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო შექმნილი პრობლემა, მოსაგვარებელია. მან თბილისის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილესა და საქალაქო-სატრანსპორტო სამსახურის უფროსს ამ საკითხზე მუშაობა დაავალა.
"პირველად, სატესტოდ შესაძლოა გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა. მინდა მოგიწოდოთ უფრო მეტი აქტიურობისკენ, ჩართეთ დარგის ექსპერტები და ვნახოთ, რა შესაძლებლობებია. პირველ ეტაპზე შეიძლება დისკომფორტი იყოს, შესაძლოა, ვიღაცისთვის სასაცილო, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. დაიწყეთ ყველა ძალის გამოყენება და ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა, თუ გამოგვივა.
პარალელურად, ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტები და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე და მოწესრიგებაზე, რომ პრობლემას არ წარმოადგენდეს ამ გვირაბში გადაადგილება", - თქვა კალაძემ.
"სადგურის მოედანი" მეტროს ორ ხაზს აკავშირებს ერთმანეთთან. სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ გვირაბს, რომელიც ამ ორ ხაზს აკავშირებს, მგზავრთა ნაკადის გატარება უჭირს.