თბილისის მერია ფიქრობს, რომ მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრის" მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი მოაწყოს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ამ მეტროსადგურის ჩასასვლელი პიკის საათში მგზავრთა არსებულ ნაკადს ვერ ატარებს.
"კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ამაზე მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას. გვინდა ამ პროექტის განხორციელება. მიმდებარე ტერიტორია გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი, იქედან გამომდინარე, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამ ტერიტორიას დაიბრუნებს", - თქვა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, გლდანი თბილისში ყველაზე დიდი უბანია. იქ 300 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მგზავრთა სიმრავლის გამო ყოველ დილით, პიკის საათში, მოქალაქეებს მეტროში ჩასასვლელად რამდენიმე წუთის განმავლობაში რიგში დგომა უწევთ.
მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრით" სარგებლობს მუხიანის დასახლებაც.