Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფრთხილების მიუხედავად, ირანელები მეათე ღამეა მართავენ აქციებს


დემონსტრაცია თეირანში. 25 სექტემბერი, 2022 წელი
დემონსტრაცია თეირანში. 25 სექტემბერი, 2022 წელი

თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში მეათე ღამეა მიმდინარეობს ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც გამოიწვია მორალის პოლიციის მიერ დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილმა - მიუხედავად ოფიციალური გაფრთხილებებისა, რომ დემონსტრაციების წინააღმდეგ მიმართული სისხლიანი ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება.

22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა - რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააკავეს და პოლიციაში სცემეს - დემონსტრაციები გამოიწვია ირანის საელჩოებთანაც საზღვარგარეთ, მათ შორის პარიზში, სადაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და არეულობების საწინააღმდეგო ტაქტიკა გამოიყენა ირანის დიპლომატიური წარმომადგენლობისკენ ასობით ადამიანის მსვლელობის შესაჩერებლად.

ირანის დედაქალაქში სტუდენტებმა 25 სექტემბერს, გვიან საღამოს, თეირანის უნივერსიტეტში მოიყარეს თავი. ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს: "თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება!" და "ჩვენ ვიბრძოლებთ, ჩვენ დავიხოცებით, ჩვენ ირანს დავიბრუნებთ!". სტუდენტები ასევე გამოდიოდნენ პატიმრობაში მყოფი სტუდენტების გათავისუფლების მოწოდებებით.

აქციები გაგრძელდა დაღუპული ქალის, მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქ ეკბათანშიც, დასავლეთ ირანში, სადაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგს "სიკვდილი ბასიჯის", რომელიც მიემართებოდა მკაცრ კონსერვატორთაგან შემდგარ მოხალისეობრივ გასამხედროებულ დაჯგუფებებს, რომელთა წევრებიც დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან.

მანამდე, ირანის გავლენიანი სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ "შეწყალების გარეშე" იმოქმედებს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სისხლიანი ზეწოლა ხორციელდება აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეის ეს სიტყვები 25 სექტემბერს გამოქვეყნდა სასამართლო ხელისუფლების ოფიციალურ ვებსაიტზე Mizan Online და მათ წინ უძღოდა ერთი დღით ადრე პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის განცხადებები, რომ ქვეყანამ "გადამწყვეტი ფორმით უნდა იმოქმედოს მათ მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს".

Mizan Online-ის თანახმად, ეჯეიმ ხაზი გაუსვა შეწყალების გარეშე გადამწყვეტი მოქმედების მნიშვნელობას იმ წინასწარ გამოძიებაში, რომელიც, მისი აღწერით, ბუნტისა და არეულობის გარშემო მიმდინარეობს.

ოფიციალური მონაცემებით, მღელვარებას ამ დრომდე ემსხვერპლა 41 ადამიანი, თუმცა უფლებადამცველი ჯგუფები და სხვა დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ მსხვერპლის რიცხვი უფრო მაღალია, იმ ფონზე, როცა საპროტესტო აქციები მოედო სულ მცირე 80 ქალაქსა და დასახლებას.

თეირანი უცხოეთის მთავრობებს და გარეშე ძალებს ადანაშაულებს აქციების წახალისებაში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიბარა ბრიტანეთის და ნორვეგიის ელჩები მათი ქვეყნების იმ განცხადებების თუ მოქმედებების გამო, რომლებიც, სამინისტროს შეფასებით, მღელვარებას მიემართება.

XS
SM
MD
LG