Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია მზად არის, "გარკვეული პირობებით" მიიღოს რუსეთიდან გაქცეული დეზერტირები


პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის სახმელეთო საზღვრებს ქვეყნიდან წასვლის მსურველები მიაწყდნენ
პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის სახმელეთო საზღვრებს ქვეყნიდან წასვლის მსურველები მიაწყდნენ

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეიზერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ გერმანია მზად არის გარკვეული პირობებით მიიღოს რუსეთის არმიიდან გაქცეული დეზერტირები და ასევე პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები.

"როგორც წესი, დეზერტირები, რომლებსაც სასტიკი რეპრესიები ემუქრებათ, გერმანიაში საერთაშორისო დაცვას იღებენ. ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და შესაბამისად, თავს დიდ საფრთხეში იგდებს, შეუძლია გერმანიას თავშესაფრის მისაღებად მიმართოს", - აღნიშნა ფეიზერმა გერმანულ გაზეთ frankfurter Allgemeine-ის საკვირაო დამატებასთან ინტერვიუში.

მანამდე ესტონეთმა განაცხადა, რომ არ აპირებს თავშესაფრის მინიჭებას რუსებისთვის, რომლებიც მობილიზაციისთვის თავის არიდებას ცდილობენ.

"რუსეთში საკუთარი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების საკმარისი მიზეზი არ არის", - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ სააგენტო Reuters-ის წერილის საპასუხოდ.

უფრო ადრე ლატვიამ თქვა უარი ამ კატეგორიის რუსეთის მოქალაქეთათვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემაზე. ლიეტუვა მსგავს განცხადებებს "ინდივიდუალურად" განიხილავს.

ფინეთმა ადრე განაცხადა, რომ უარს ეტყვის ტურისტულ ვიზებზე რუს მამაკაცებს, თუ არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება, რომ ისინი არ დაბრუნდებიან რუსეთში.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 21 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

XS
SM
MD
LG