Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება


"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი
"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი

პროკურატურამ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მუხლები, რომლებითაც ბრალდებულს ედავებიან, სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრიგოლ ნარსიას ბრალად ედება ტერორისტული აქტი, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდება, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

გამოძიების ვერსიით, 20 სექტემბერს 11:15 საათზე სამხედრო უნიფორმით, ნიღბითა და ხელთათმანებით შემოსილი პირი ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა.

პროკურატურის განცხადებითვე, თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე ადამიანმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა "ტერორისტული მიზნით" მძევლად აიყვანა.

უწყების ცნობით, თავდამსხმელმა კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე და ბანკის თანამშრომლებისგან თანხის გადაცემა მოითხოვა.

"ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი... რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე, სამართალდამცავებმა გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, თავდამსხმელი ბანკის სერვისცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.

ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული გრიგოლ ნარსიაა. იგი 20 სექტემბერს თითქმის 10-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. იგი თავდაპირველად 2 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა. ის სამართალდამცავებსა და მედიასთან მძევლების დახმარებით ურთიერთობდა.

XS
SM
MD
LG