მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია. კობახიძემ დღეს, 21 სექტემბერს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი კოლეგები ტყუილს არ ავრცელებენ.
"რაც შეეხება დეტალებს, არაერთი წერილი გავრცელდა. ჩვენ თავს ვიკავებდით და ვიკავებთ ამ დეტალების განმარტებისგან და ჩვენი პოზიციის დაფიქსირებისგან. თუ ამაში შევალთ, გამოდის, რომ რაღაცაზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და უნდა გავხდეთ იმ განცხადებების თანაავტორები, რომელიც გამოქვეყნდა...
ელჩმა გააკეთა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება - მან თქვა, რომ ჩვენი ღირსეული კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები არიან ტყუილების და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები, რა თქმა უნდა, სხვანაირი გამიჯვნა იქნებოდა. [ელჩის] ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას ვერც გავიზიარებთ და ვერც ლოიალურად შევაფასებთ...
რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ["მეორე ფრონტის" გახსნაზე] ელჩების საუბარს, ეს არასდროს არ გაგვიკეთებია და ამას ვაკეთებთ შეგნებულად. შეგნებულად გვაქვს ზომიერი განცხადებები დიპლომატებთან დაკავშირებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვას, შეუძლია თუ არა მას თქვას, რომ აშშ-სა და ევროკავშირს საქართველოში ომი არ უნდათ, კობახიძემ ასე უპასუხა:
"ჩვენი მხრიდან არც ერთხელ არ ყოფილა მსგავსი განცხადება [რომ ომი უნდათ]. ამას ხაზგასმით ვამბობ".
პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც „ქართული ოცნების" რიგები ოფიციალურად დატოვეს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, მორიგი განცხადება 19 სექტემბერს გამოაქვეყნეს. განცხადება კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში მის საელჩოს ეხებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.
"ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი ენჯეოების საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ ენჯეოებზე, ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება", - აცხადებენ პოლიტიკოსები.
15 სექტემბერს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის, "ხალხის ძალის" განცხადებებს.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ დიდი სარგებელი მოუტანა ორივე ქვეყანას:
"ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას".