Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შესვენება“ - რა მოხდება, თუ დავით ფირცხალავას ფილმი „ოსკარზე“ მართლაც მოხვდება?


„ოსკარის“ საბოლოო ნომინანტობამდე წინ ჯერ გრძელი გზაა და მხოლოდ დეკემბრის ბოლოს, საბოლოო შერჩევის შემდეგ, გახდება ცნობილი მოხვდება თუ არა რეჟისორ დავით ფირცხალავას მხატვრული ფილმი „დიდი შესვენება“ „ოსკარების“ მოკლე სიის ნომინანტებს შორის.

ეროვნულმა კინოცენტრმა სწორედ ეს ფილმი შეარჩია საქართველოს კანდიდატ ფილმად ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად. კინოცენტრის ჟიურის 12 წევრიდან დავით ფირცხალავას ფილმს მხარი 8 წევრმა დაუჭირა.

„დიდ შესვენებას“ ხუთი კონკურენტი ჰყავდა, მათ შორის, სალომე ჯაშის გახმაურებული დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“, რომლის დაგეგმილი ჩვენებებიც 2022 წლის აპრილში გაუქმდა საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით. როგორც რეჟისორი აცხადებდა, სეანსების გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსი იყო - „მოთვინიერება“ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისკენ გიგანტური ხეების მოგზაურობას ასახავს.

კინოაკადემიის ხელმძღვანელი, მინდია ესაძე მაშინ აცხადებდა, რომ სალომე ჯაშის ფილმი პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რასაც შეეძლო გამოეწვია „ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით“. მინდია ესაძე „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმების შესარჩევი კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო.

რაც შეეხება „დიდ შესვენებას“, ეს დავით ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. მისი ჩვენება უკვე გაიმართა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ფილმის შინაარსზე, მის „ოსკარზე“ წარდგენაზე, საკუთარ გამოცდილებებზე, კინოცენტრის კონკურსზე დავით ფირცხალავამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ილაპარაკა.

XS
SM
MD
LG