კრემლმა აღიარა მარცხი ხარკოვის ოლქში, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ წარუმატებლობის პირველი საჯარო აღიარებაა. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის კვლევის ინსტიტუტი(ISW) წერს.
ცენტრის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ხარკოვში მარცხის მიზეზებზე კრემლის და მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მსჯელობა მნიშვნელოვნად განსხვავდება გაშუქების ადრინდელი მოდელისგან. კერძოდ, კრემლს არასდროს უღიარებია დამარცხება კიევთან ან კუნძულ ზმეინიზე და კიევიდან უკან დახევას იმით ხსნიდა, რომ პრიორიტეტი დონბასის „გათავისუფლება“ იყო, ხოლო ზმეინიდან გასვლა - „კეთილი ნება“. ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს მოდელი გამოიყენა ხარკოვის შემთხვევაშიც და ამ ოლქიდან ჯარების გაყვანა „გადაჯგუფების“ აუცილებლობით ახსნა, რასაც ინტერნეტ-სივრცეში სწრაფად მოჰყვა მკაცრი კრიტიკა.
ISW-ის შეფასებით, ხარკოვის შემთხვევაში კრემლის მიერ მარცხის აღიარება ნაწილია ძალისხმევის, რომელიც მიზნად ისახავს წარუმატებლობით გამოწვეული კრიტიკის გადატანას პრეზიდენტ პუტინიდან თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ხელმძღვანელობაზე.
ანალიტიკური ცენტრის თანახმად, ამჟამად კრემლში მუშაობენ იმისთვის, რომ პუტინს პასუხისმგებლობა ჩამოაშორონ და ხარკოვის ოლქის დაკარგვის გამო ბრალი დასდონ არასაკმარისად ინფორმირებულ სამხედრო მრჩევლებს. კრემლში არსებული ეროვნებათაშორისი საბჭოს წევრმა, ბოგდან ბეზპალკომ განაცხადა კიდეც, რომ პუტინის მაგიდაზე უნდა დაიდოს თავები იმ სამხედრო ჩინოსნების, რომლებმაც ვერ შეამჩნიეს ხარკოვის ოლქში უკრაინელი სამხედროების და ტექნიკის კონცენტრაცია და ყურადღება არ მიაქციეს გაფრთხილებებს მოსალოდნელი კონტრშეტევის შესახებ.
ISW ადრე წერდა, რომ ხარკოვის ოლქიდან რუსული ჯარის გაყვანის შემდეგ, კრემლმა გადადო პუტინის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლის მიერ ხარკოვის ოლქში მარცხის აღიარება აჩვენებს, რომ პუტინი მზად არის და შეუძლია დამარცხება თუნდაც ნაწილობრივ აღიაროს და მიიღოს კიდეც და ფოკუსირება მოახდინოს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაზე.
უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის იმ ნაწილზე, რომელსაც რუსეთი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში აკონტროლებდა და ეს ტერიტორია დაიბრუნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ხარკოვის ოლქის ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".