Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შესაძლოა, ისევ შეზღუდოს უკრაინიდან ხორბლის გატანა


ოდესის პორტში გემს ხორბლით ტვირთავენ. 2022 წლის აგვისტო
ოდესის პორტში გემს ხორბლით ტვირთავენ. 2022 წლის აგვისტო

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „თავხედურ ტყუილში“ დასდო ბრალი დასავლეთის სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის განახლებას მოითხოვდნენ აფრიკის და მსოფლიოს სხვა ღარიბი ქვეყნებისთვის. პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინიდან პრაქტიკულად, მთელი ხორბალი არა განვითარებად ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის სახელმწიფოებში მიაქვთ.

დღეს, 7 სექტემბერს, ვლადივოსტოკში, "აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა დღესაც კოლონიზატორივით იქცევა, ამიტომ, თურქეთის პრეზიდენტ ერდოანს დაელაპარაკება უკრაინიდან ევროპაში ხორბლის გატანის შესაძლო შეზღუდვის მიზნით.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას "მოულოდნელი და უსაფუძვლო" უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიახილო პოდოლიაკმა. მან სააგენტო "როიტერსს" უთხრა, რომ რუსეთს შეთანხმების გადახედვის არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია, რადგან უკრაინა პირობებს ასრულებს. პოდოლიაკის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ახალი აგრესიული თემების მოძიების მცდელობაა.

უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა შავი ზღვის პორტები დაბლოკა, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს, ამიტომ, უკრაინა ვეღარ ახორციელებდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს.

XS
SM
MD
LG