Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის, თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს" - პრეზიდენტი


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას" მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსულ დეზინფორმაციასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა სტუმრებს 5 სექტემბერს, კონფერენციის პირველი დღის ბოლოს უმასპინძლა. მან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის სათავეში მყოფები არიან პასუხისმგებლები იმაზე, რაც მოხდება.

"საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, თუ სად დგას, სად დგას უკრაინასთან მიმართებით, ევროპასთან მიმართებით და ჩვენ, ვინც ქვეყნის სათავეში ვართ, იქნება ეს მმართველი გუნდი, თუ ოპოზიცია, თუ ინსტიტუციური ლიდერები, ყველანი პასუხისმგებლები ვართ და ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს, როდესაც უეცრად ისტორიამ და უკრაინამ ახალი პერსპექტივა შემოგვთავაზა, შემოგვთავაზა ახალი მომავალი ისე, რომ იმ დროს ჩვენ თითქმის არაფრის გაკეთება მოგვიწია ამისთვის და ვიქნებით კი ამისთვის მზად. ჩემი ვარაუდით, ჩვენ მზად ვიქნებით და ხვალ ერთად ვიქნებით ევროკავშირში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან სტრატეგიულ პარტნიორებზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთს სურს "შავის თეთრად წარმოჩენა", უნდობლობის დათესვა საქართველოსა და უკრაინას შორის. პრეზიდენტის თქმითვე, "დესტრუქციული დეზინფორმაციაა" მეორე ფრონტის იდეა, 'რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ".

"კიდევ ერთი [დეზინფორმაციაა] ის, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს. ეს წარმოუდგენელი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა.

მე არ ვამბობ, რომ ამას ზოგიერთი ქართველი არ იმეორებს, დეზინფორმაცია ასე მუშაობს - არსებობს რამდენიმე გამტარი, რისი გამოყენებაც შეიძლება.

თქვენ არ გჭირდებათ თავის დაცვა, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ აშშ, რომელსაც არასოდეს შეუხედავს საქართველოს ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრისთვის, ომის გავრცელებას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. რუსეთი კი, რომელმაც ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ტერიტორიები დაიკავა, და სხვადასხვა დროს, პრაქტიკულად ყველა მეზობელთან შეიჭრა, თითქოს არაფერზე არაა პასუხისმგებელი.

ასე რომ, მეორე ფრონტის ამ იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. ეს [დეზინფორმაცია] ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი დეფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში გავრცელდეს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება აკეთებდეს საქართველო", - მიმართა პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს.

ბოლო ხანს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე. ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

ომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს, გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს მიზანი დღესაც აქტუალურია, თუმცა, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება.

XS
SM
MD
LG