მოსკოვის სასამართლომ 22 წლით მიუსაჯა პატიმრობა ივან საფრონოვს, ცნობილ ყოფილ ჟურნალისტს, სამშობლოს ღალატში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე, საქმეში, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კრემლის ზეწოლას მედიაზე.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ საფრონოვს განაჩენი 5 სექტემბერს გამოუტანა, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ სცნო საიდუმლო მასალების უცხოეთის აგენტებისთვის გადაცემაში - იმ ფონზე, როცა საფრონოვის საქმეს ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
განაჩენის გამოტანის დღეს რამდენიმე დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოითხოვა საფრონოვისთვის წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნა და ჟურნალისტის გათავისუფლება. განცხადების სათაური იყო "ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული".
ამავე დღეს ბასმანის ოლქის სასამართლომ დაბეჭდვის ლიცენზია გაუუქმა ავტორიტეტიან დამოუკიდებელ გამოცემას, ნოვაია გაზეტას.
გასულ კვირაში რუსეთის საგამოძიებო ჯგუფმა, Proyekt-მა, გამოიტანა დასკვნა, რომ საფრონოვისთვის წაყენებული ღალატის ბრალდება "უსაფუძვლოა". Proyekt-ის განცხადებით, მისი დასკვნა ეფუძნება ოფიციალურ საბრალდებო დოკუმენტებს, რომლებიც ჯგუფმა 29 აგვისტოს გამოაქვეყნა.
საფრონოვი გადაჭრით უარყოფს ბრალდებას, რომ მან გაავრცელა ახლო აღმოსავლეთსა და ნატოს წევრ ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის იარაღის გაყიდვის შესახებ მასალები და რომ შეხება ჰქონდა დაუკონკრეტებელ საიდუმლო ინფორმაციასთან გერმანიის სპეცსამსახურების აგენტის შესახებ.